Inter Rao

საქართველოს Интер РАО-ს შვილობილი კომპანიებისთვის $75.9 მილიონის გადახდა დაეკისრა

საქართველომ რუსულ ენერგოკომპანია Интер РАО-სთან საერთაშორისო არბიტრაჟში დავა წააგო და კომპანიისთვის $75 926 000-ის გადახდა დაეკისრა

საარბიტრაჟო დავა Интер РАО-მ 2017 წელს დაიწყო და რამდენიმე წლის წინ დადებულ ხელშეკრულებასა და ელექტროენერგიის ტარიფებს ეხებოდა. კომპანია თვლიდა, რომ საქართველოს მიერ 2014 წლიდან მიღებულმა ზომებმა ისინი აზარალა. საჩივარი Интер РАО-ს ნიდერლანდებში დარეგისტრირებული შვილობილი კომპანიების, GARDABANI HOLDINGS B.V.-ისა და  SILK ROAD HOLDINGS B.V-ის სახელით იყო წარდგენილი.

საერთაშორისო საინვესტიციო დავების მოგვარების ცენტრის განაჩენით, საქართველომ დაარღვია ნიდერლანდურ კომპანიებთან დადებული ხელშეკრულება ორმხრივი ინვესტიციების დაცვის შესახებ. შეთანხმება საქართველოში უცხოელი ინვესტორების ინტერესებს იცავდა. აქედან გამომდინარე, სასამართლომ საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი დააკმაყოფილა და ხელისუფლებას Интер РАО-ს შვილობილი კომპანიებისთვის $75 926 000-ის გადახდა დააკისრა. აქედან 48 427 000 დოლარი SILK ROAD HOLDINGS B.V-ს ეკუთვნის, 27 499 000 დოლარი კი GARDABANI HOLDINGS B.V.-ს.

2014 წელს ეროვნულმა მარეგულირებელმა კომისიამ ელექტროენერგიის ტარიფით გამოთვლის მეთოდოლოგიის ცვლილების გადაწყვეტილება მიიღო. ცვლილებაში არ იყო საუბარი ვალუტის გაუფასურებით გამოწვეული ზარალის ანაზღაურების გარანტიებზე, რაც ნახსენები იყო 2013 წლის ხელშეკრულებაში.

2016 წელს, სასამართლოში ჩივილამდე, კომპანიამ საქართველოს მთავრობას ტარიფების შეცვლის მოთხოვნით მიმართა, რაც ხელისუფლებამ არ დააკმაყოფილა.

2021 წელს საქართველომ ამავე კომპანიებთან დაკავშირებული დავა სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლოშიც წააგო. ხელისუფლებამ გადაწყვეტილება გაასაჩივრა. როგორც საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აქამდე იუწყებოდა, რუსული კომპანია $200 მილიონის გადახდას ითხოვდა, თუმცა 2021 წლის 23 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ხელისუფლებას $80.5 მილიონის გადახდა დაეკისრა. რუსულმა კომპანიამ საკომპენსაციო თანხის რაოდენობა გაასაჩივრა და $112 მილიონამდე გაზარდა.

Интер РАО-ს შვილობილი კომპანია Silk Road Holdings-ი ენერგოკომპანია თელასის 75%-ს ფლობს, ხოლო Gardabani Holdings-ი ჰიდროელექტროსადგურ ხრამი-1-სა და ხრამი-2-ს.

კომენტარები