Inter Rao

თურნავა Inter RAO-ზე: იუსტიციის სამინისტრომ გაასაჩივრა გადაწყვეტილება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა საქართველოს მიერ რუსულ ენერგოკომპანია Inter RAO-სთან სტოკჰოლმის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში დავის წაგებას ეხმიანება და ამბობს, რომ იუსიტიციის სამინისტრომ გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

"მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო არბირტრაჟმა ნაწილობრივ გაიზიარა Inter RAO-ს პოზიციები და 200 მილიონის ნაცვლად 80 მილიონის გადახდაზეა საუბარი, ჩვენ მაშინაც ვთვლიდით და ახლაც ასე მიგვაჩნია, არ გავზარდოთ ტარიფები მომხმარებლისთვის, მათ შორის არ გავზარდოთ გადასახდელი ტარიფები მოსახლეობისთვის. ტარიფი დგინდება დამოუკიდებელი მარეგულირებლის, სემეკ-ის მიერ ძალიან გამჭვირვალე მეთოდოლოგიზე დაყრდნობით. ის მოთხოვნა, რომ ტარიფები უფრო მაღალი უნდა ყოფილიყო, არის უსაფუძვლო. ამიტომ იუსტიციის სამინისტრომ გაასაჩივრა ეს გადაწყვეტილება და ჩვენ აბსოლუტურად მყარად ვდგავართ ამ პოზიციაზე", - თქვა თურნავამ.

საქართველომ რუსულ ენერგოკომპანია Inter RAO-სთან სტოკჰოლმის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში დავა წააგო. სასამართლოს გადაწყვეტილებით ქართულმა მხარემ კომპანიას კომპენსაცია უნდა გადაუხადოს. კომპენსაციის ოდენობა 80.5 მილიონი დოლარით განისაზღვრა. საქართველომ არბიტრაჟის გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

ინფორმაცია თავდაპირველად რუსულმა ტელეარხმა Россия 24-მა გაავრცელა.

ინფორმაციის დასაზუსტებლად ტაბულა იუსტიციის სამინისტროს დაუკავშირდა. სამინისტროს ცნობით, სტოკჰოლმის არბიტრაჟმა 2021 წლის 19 აპრილს მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც Inter RAO-ს ეკუთვნოდა გარკვეული კომპენსაცია. კომპანია ითხოვდა კომპენსაციას 200 მილიონი დოლარის ოდენობით, რაც საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი არგუმენტებისა და მტკიცებულებების საფუძველზე არ დაკმაყოფილდა და 2021 წლის 23 ნოემბერს კომპენსაციის ოდენობად განისაზღვრა 80.5 მილიონი დოლარი. არბიტრაჟის გადაწყვეტილება ქართულმა მხარემ გაასაჩივრა როგორც დაუსაბუთებელი.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, Inter RAO-სთან საარბიტრაჟო დავა შეეხება ელექტროენერგიის ტარიფების განსაზღვრის საკითხს. სამინისტოს მიხედვით, საქართველოს მთავრობამ ტარიფები განსაზღვრა სახელმწიფოსა და საქართველოს მოქალაქეების ინტერესების შესაბამისად და 2014 წლიდან ელექტროენერგიაზე ტარიფი უფრო მცირეა, ვიდრე კომპანია ითხოვდა.

"სახელმწიფო ახლაც მიიჩნევს, რომ 2014 წელს ტარიფები სწორად იქნა განსაზღვრული და ამიტომ არბიტრაჟის გადაწყვეტილება გასაჩივრებულია სტოკჰოლმის სასამართლოში, როგორც დაუსაბუთებელი. შესაბამისად საკითხზე სამართლებრივი დავა გრძელდება და მიუხედავად მისი შედეგისა, ცხადია, ეს გავლენას არ მოახდენს მოსახლეობის ტარიფებზე." - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

საქართველოს წინააღმდეგ Inter Rao-მ სარჩელი 2017 წელს შეიტანა. კომპანია ქვეყნისგან მოითხოვდა იმ ზარალის ანაზრაურებას, რაც მას ლარის გაუფასურებით მიადგა. Inter Rao საქართველოსგან $125 მილიონს ითხოვდა.

Inter Rao ფლობს სს "თელასი"-ს აქციათა 75%-ს, ხოლო სს "ხრამჰესი 1" და "ხრამჰესი 2"-ის 100%-ს ნიდერლანდებში დაფუძნებული ორი სხვადასხვა შვილობილი კომპანიის მეშვეობით.

Galt & Taggart-ის ენერგეტიკული ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის არსებობს ორმხრივი ინვესტიციების შეთანხმება, რომელიც იცავს უცხოელი ინვესტორის ინტერესებს საქართველოში.

Inter RAO ითხოვს ანაზღაურებას ვალუტის გაუფასურებით მიყენებული ზარალისა, რომლის გათვალისწინებაც არ მოხდა სემეკის მიერ ტარიფის დათვლის დროს. ზოგადად, საქართველოში არსებული სატარიფო მეთოდოლოგია არ ითვალისწინებს ვალუტის კურსის ცვლილებით გამოწვეული დანაკარგების ტარიფში კომპენსირებას.

სარჩელის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში წარდგენამდე, Inter RAO პრეტენზიები წარადგინა საქართველოს მთავრობის წინაშე, თუმცა მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

კომენტარები