საქართველომ რუსულ ენერგოკომპანია Интер РАО-სთან საერთაშორისო არბიტრაჟში დავა წააგო - საერთაშორისო საინვესტიციო დავების მოგვარების ცენტრმა საქართველოს აპელაცია არ დააკმაყოფილა და ძალაში დატოვა გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს $76.9 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა.
თუმცა, გადაწყვეტილება საკომპენსაციო თანხაზე წლიურ საპროცენტო განაკვეთსაც ითვალისწინებდა, რომელიც აშშ დოლარის SOFR-ის საპროცენტო განაკვეთსა და დამატებით 2%-ს მოიაზრებს. შესაბამისად, თანხა, რომელიც საქართველომ უნდა გადაიხადოს, გაზრდილია.
საარბიტრაჟო დავა Интер РАО-მ 2017 წელს დაიწყო და რამდენიმე წლის წინ დადებულ ხელშეკრულებასა და ის ელექტროენერგიის ტარიფებს ეხებოდა. კომპანია თვლიდა, რომ საქართველოს მიერ 2014 წლიდან მიღებულმა ზომებმა ისინი აზარალა. საჩივარი Интер РАО-ს ნიდერლანდებში დარეგისტრირებული შვილობილი კომპანიების, GARDABANI HOLDINGS B.V.-ისა და SILK ROAD HOLDINGS B.V-ის სახელით იყო წარდგენილი.
2014 წელს ეროვნულმა მარეგულირებელმა კომისიამ ელექტროენერგიის ტარიფით გამოთვლის მეთოდოლოგიის ცვლილების გადაწყვეტილება მიიღო. ცვლილებაში არ იყო საუბარი ვალუტის გაუფასურებით გამოწვეული ზარალის ანაზღაურების გარანტიებზე, რაც ნახსენები იყო 2013 წლის ხელშეკრულებაში.
2016 წელს, სასამართლოში ჩივილამდე, კომპანიამ საქართველოს მთავრობას ტარიფების შეცვლის მოთხოვნით მიმართა, რაც ხელისუფლებამ არ დააკმაყოფილა.
2022 წლის 27 ოქტომბერს საერთაშორისო საინვესტიციო დავების მოგვარების ცენტრმა გამოიტანა განაჩენი, რომლითაც საქართველომ დაარღვია ნიდერლანდურ კომპანიებთან დადებული ხელშეკრულება ორმხრივი ინვესტიციების დაცვის შესახებ. შეთანხმება საქართველოში უცხოელი ინვესტორების ინტერესებს იცავდა. აქედან გამომდინარე, სასამართლომ საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი დააკმაყოფილა და ხელისუფლებას Интер РАО-ს შვილობილი კომპანიებისთვის $75 926 000-ის გადახდა დააკისრა. აქედან 48 427 000 დოლარი SILK ROAD HOLDINGS B.V-ს ეკუთვნის, 27 499 000 დოლარი კი GARDABANI HOLDINGS B.V.-ს.
გადაწყვეტილების მიხედვით, აღნიშნული თანხა საქართველოს მთავრობისთვის ამავე კომპანიასთან დავის შედეგად აქამდე უკვე დაკისრებულ $112-მილიონიან კომპენსაციაში შედის და მას არ ემატება.
ცნობისთვის, 2021 წელს საქართველომ ამავე კომპანიებთან დაკავშირებული დავა სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლოშიც წააგო. ხელისუფლებამ გადაწყვეტილება გაასაჩივრა. როგორც საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აქამდე იუწყებოდა, რუსული კომპანია $200 მილიონის გადახდას ითხოვდა, თუმცა 2021 წლის 23 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ხელისუფლებას $80.5 მილიონის გადახდა დაეკისრა. რუსულმა კომპანიამ საკომპენსაციო თანხის რაოდენობა გაასაჩივრა და $112 მილიონამდე გაზარდა.
Интер РАО-ს შვილობილი კომპანია Silk Road Holdings-ი ენერგოკომპანია თელასის 75%-ს ფლობს, ხოლო Gardabani Holdings-ი ჰიდროელექტროსადგურ ხრამი-1-სა და ხრამი-2-ს.





