ბელარუსი

დასავლეთმა ბელარუსს ახალი სანქციები დაუწესა

აშშ-მ, ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა და კანადამ ბელარუსს ახალი სანქციები დაუწესეს. სანქციები შეეხო ათობით ოფიციალურ პირს, ორგანიზაციასა და კომპანიას. ევროკავშირის სამიზნე იყო ის ობიექტები, რომლებიც მონაწილეობდნენ ბელარუსი-პოლონეთის საზღვართან შექმნილ მიგრანტების კრიზისში. სანქციები შეეხო ლუკაშენკოს შვილსაც, დმიტრი ლუკაშენკოს.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და სახელმწიფო ხაზინის განცხადებით, მათ სანქციები დაუწესეს სამ თვითმფრინავსა და 32 პიროვნებასა და ორგანიზაციას, სახელმწიფოს კუთვნილებაში მყოფი ბიზნესის, მთავრობის წარმომადგენლებისა და იმ სხვა პირების ჩათვლით, ვინც "მხარს უჭერს რეჟიმის და აწყობს რეპრესიებს". 

პარალელურად ევროკავშირმა საკუთარ ტერიტორიაზე მოგზაურობის შეზღუდვა და ანგარიშების გაყინვა დაუწესა დამატებით 17 ადამიანს, მესაზღვრე და სამხედრო მაღალჩინოსნების, მოსამართლეებისა და მთავრობის წარმომადგენლების ჩათვლით.

სანქციები შეეხო თვითმფრინავებსა და სამოგზაურო კომპანიებს, რომლებსაც ბრალი ედებათ ახლოაღმოსავლელი მიგრანტების ბელარუსში გადაყვანაში.

ასევე, დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა 8 პირს, რეპრესიებისა და ადამიანის უფლებათა დარღვევისთვის. ასევე სააქციო საზოგადოება Беларуськалий-ის, მსოფლიოში პოტაშის მწარმოებელ ერთ-ერთ უდიდეს კომპანიას, ანგარიშები გაუყინეს. პოტაში არის სასუქი, რომელიც ბელარუსის ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო საქონელი და შემოსავლის წყაროა. 

"დღევანდელი ქმედება გამოხატავს ჩვენ ურყევ მიზანდასახულობას იმ დაუნდობელი რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც აწყობს ბელარუსების რეპრესიებს, ძირს უთხრის ევროპის მშვიდობასა და უსაფრთხოებას და აგრძელებს იმ ხალხის ჩაგვრას, ვისაც უბრალოდ თავისუფლად ცხოვრება უნდა", – ამბობენ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში. 

გასულ თვეებში დაძაბული ვითარება იყო პოლონეთი-ბელარუსის საზღვარზე, სადაც ახლოაღმოსავლელი მიგრანტები იყვნენ შეკრებილი და ევროკავშირის ტერიტორიაზე გადასვლას ცდილობდნენ. 

ევროკავშირში მიგრანტების კრიზისს ბელარუსის მიერ ხელოვნურად შექმნილს და მინსკისა და მოსკოვის ჰიბრიდული ომის ნაწილს უწოდებნენ. რუსეთი უარყოფს ამ პროცესებში ჩართულობას. 

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო წინა კვირებში ევროკავშირს დაემუქრა, რომ სანქციების შემთხვევაში რუსეთიდან მომავალ და საკუთარ ტერიტორიაზე გამავალ გაზსადენ მილს გადაკეტავდა. შემდეგში, რუსული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ თუ პოლონეთი ბელარუსთან საზღვარს ჩაკეტავს, ის მზადაა ბუნებრივი აირის მიწოდება შეაჩეროს.

რამდენიმე კვირის წინ გერმანიის კანცლერის მოვალეობის შემსრულებელი, ანგელა მერკელი და ალექსანდრ ლუკაშენკო შეთანხმდნენ, რომ მიგრანტების კრიზისთან დაკავშირებით მინსკი მოლაპარაკებებს ევროკავშირთან გამართავდა. 

მიგრანტები ბელარუსმა ამ გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთის საზღვრის მიმდებარე ზონიდან ოდნავ მოშორებით გაიყვანა, თუმცა შემდეგ, ვარშავამ მინსკს ბრალად დადო, რომ ლტოლვილებს კვლავ საზღვართან კრებდნენ.

კომენტარები