აზარტული თამაშები

სათამაშო ბიზნესის ასოციაცია: მიუღებელია ის ტონი, რომლითაც მთავრობა ბიზნესთან ურთიერთობს

სათამაშო ბიზნესის ასოციაციის (GGA) ხელმძღვანელმა, გიორგი მამულაიშვილმა მედიას მოსალოდნელ რეგულაციებთან დაკავშირებით ასოციაციის პოზიცია გააცნო და განაცხადა, რომ ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის სამუშაო ვერსია მათთვის მიუღებელია. გარდა ამისა, მამულაიშვილმა აღნიშნა, რომ მათთვის მიუღებელია ის ტონი და ფორმაც, რომლითაც მთავრობა ბიზნესთან ურთიერთობს.

"მოსალოდნელი რეგულაციები სავსებით მიუღებელია, გამომდინარე იქიდან, რომ ბიზნესთან არ გამართულა კონკრეტული კონსულტაციები. ასევე, მიუღებელია ის ტონი და ის ფორმა, რომლითაც ბიზნესთან ურთიერთობს მთავრობა, თან ეს ხდება მხოლოდ მედიის საშუალებით". - თქვა მამულაიშვილმა.

მამულაიშვილის თქმით, რეგულაციების მიღების შემთხვევაში, სათამაშო ბიზნესს მოუწევს ხარჯების ოპტიმიზაცია, რაც აისახება მათ არაერთ პროექტზე, მათ შორის სოციალურ პროექტებზე.

"დღევანდელი მოცემულობით, თუ მთავრობა შეინარჩუნებს ცალმხრივ პოზიციას და არ წამოვა ბიზნესთან კონსტრუქციულ დიალოგზე, იძულებული ვიქნებით, შესაბამისად მოვახდინოთ ხარჯების ოპტიმიზაცია, უარი ვთქვათ მთელ რიგ სოციალურ, თუ სხვა პროექტებზე, მათ შორის, სპონსორობაზე და ვინაიდან გაცხადებული ცვლილებებით აზრი ეკარგება ბიზნესის სპორტულ ნაწილს, ბიზნესი იძულებული გახდება, განიხილოს სპორტის პროდუქტის, ონლაინ ტოტალიზატორის გათიშვის საკითხი." - ამბობს მამულაიშვილი.

გარდა ამისა, მამულაიშვილი აღნიშნავს, რომ რეგულაციიების მიღების შემთხვევაში, მომხმარებლების დიდი ნაწილი უცხოურ ბაზარზე გადაინაცვლებს და ამის გაკონტროლობას საქართველოს მთავრობა ვერ შეძლებს.

"ეს არის არალიცენზირებული საიტები, რომლებიც არ არიან საქართველოში რეგისტრირებულები. მოხდება საკმაოდ დიდი ოდენობით თანხების გადინება. დღესაც ხდება გადინება ჩვენი მოქალაქეების საზღვარგარეთ და წელიწადში ეს თანხა შეადგენს 120 მლნ ლარს, რაც გაედინება ქვეყნიდან. ამის კონტროლი იქნება შეუძლებელი არსებული ტექნოლოგიების გამო. მიუხედავად იმისა, რომ ამბობენ, თითქოს დაიბლოკება გარკვეული არხები და მათ შორის VPN, ასეთი მაგალითები მსოფლიოში არ არსებობს, თუნდაც აშშ-ის მაგალითი რომ ავიღოთ, ასევე ჩინეთი, თავისი რესურსებით ამის გაკეთება ამ ქვეყნებმა ვერ მოახერხეს და ეჭვი მეპარება, ეს საქართველოს მთავრობამ მოახერხოს". - ამბობს მამულაიშვილი.

22 ნოემბერს პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ პირველ ეტაპზე ონლაინ კაზინოების გადასახადები უნდა გაიზარდოს, მეორეზე კი ონლაინ კაზინოები საერთოდ უნდა აიკრძალოს.

•  როგორ ზღუდავს მთავრობა აზარტულ თამაშებს და რა შემოსავალს იღებს ბიუჯეტი კაზინოებიდან? 

კომენტარები