საკონსტიტუციო ცვლილებები

ბოკერია საკონსტიტუციო ცვლილებებზე: შანსი მეტია, თუ ოცნება მარტო დარჩენის საფრთხეში იქნება

ტბელ აბუსერიძე/ტაბულა

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შანსებს ოპოზიციის მიერ პარლამენტის დატოვება გაზრდის. ამის შესახებ მან მთავარი არხის ეთერში ისაუბრა და ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების აუცილებლობა არ არსებობს. 

გიგა ბოკერია ამბობს, რომ მმართველმა პარტიას უნდა ჰქონდეს განცდა, რომ თუ ის საკონსტიტუციო ცვლილებებს არ მიიღებს, ამის გამო "რამე ფასს გადაიხდის". 

"ჩემი აზრით, სანამ კრიზისი არ გაფორმდება ისე, როგორც მათ აწუხებდათ, როდესაც დე ფაქტოდ მარტოდ იყვნენ პარლამენტში, მანამდე გააგრძელებენ ასე მოქცევას. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ რომ ბევრი პრობლემაა მსოფლიოში. ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, ევროკავშირს ექნება მტკიცე პოზიცია ყველა იმ ღირებულებებთან დაკავშირებით, რომელიც ევროპული არის, ოღონდ ჩვენ არ უნდა ველოდოთ, რომ უცებ გადაწყვეტენ, რომ გახდნენ ზეაქტიურები, მაგალითად შარლ მიშელი, როგორც მაშინ ჩამოვიდა. მაშინ იმიტომ ჩამოვიდა, რომ კრიზისი იყო იმ ფაზაში, საზოგადოების რეაქციაც, პარლამენტიც ერთპარტიული იყო ფაქტობრივად და ეს იყო შეუთავსებელი. ამის შემდეგ მოვლენები განვითარდა ისე როგორც განვითარდა და ახლა, თუ გვსურს გარედან ყურადღების მიპყრობა, იგივე საფრთხის წინაშე უნდა დადგნენ [ქართული ოცნება] პარლამენტში, რომ დარჩება მარტო. მინიმუმ უნდა თქვას ახლა ოპოზიციამ ამის შესახებ. ნაციონალური მოძრაობისგან და ლელოსგან რთულია ამ დღეებში მკაფიო პოზიციის მიღება. გარანტიას გაძლევთ, რომ თუ ეს საფრთხე არ ექნებათ, არანაირი შანსი ამ საკონსტიტუციო ცვლილებების გატანის არ იქნება".- თქვა გიგა ბოკერიამ. 

მისივე თქმით, ვადამდელი არჩვენების დანიშვნის პერსპექტივა ამ მოცემულობაში არ არის, რადგან ქართული ოცნება ახლა უფრო ძლიერ მდგომარეობაშია. 

ირაკლი კობახიძის განცხადებას საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის შეჩერებისა და საარჩევნო ბარიერის შემცირებაზე შესაძლო უარის შესახებ, ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესისთვის დამაზიანებლად მიიჩნევენ არასამთავრობო ორგანიზაციები. 

კომენტარები