აღმოსავლეთ პარტნიორობა

შარლ მიშელი: ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველაზე საიმედო პარტნიორია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ბრიუსელში საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, უკრაინის პრემიერმინისტრ დენის შმიგალთან და მოლდოვის პრემიერმინისტრ ნატალია გავრილიცასთან ასოცირებული ტრიოს ფორმატში გამართულ შეხვედრას Twitter-ზე გამოეხმაურა. მიშელი წერს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის ევროკავშირი ყველაზე საიმედო პარტნიორია.

"ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველაზე საიმედო პარტნიორია. რეფორმები, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა ჩვენი თანამშრომლობის ქვაკუთხედია. მივესალმები დისკუსიას ირაკლი ღარიბაშვილთან, დენის შმიგალსა და ნატალია გავრილიცასთან აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტის მოლოდინში რეფორმების შემდგომი გაღრმავებისთვის". – წერს შარლ მიშელი.

აღსანიშნავია, რომ ქართულმა ოცნებამ შარლ მიშელის მედიაციით შემდგარი 19 აპრილის შეთანხმება 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე ანულირებულად გამოაცხადა. შეთანხმებაში გათვალისწინებული პუნქტებისა და საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებების მიუხედავად, მმართველი პარტია კვლავ აგრძელებს უვადო მოსამართლეთა კანდიდატების მოსმენებსა დანიშვნას უზენაეს სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. საქართველოს მთავრობამ ასევე უარი თქვა ევროკავშირის 75-მილიონიან დახმარებაზე, რომელიც ქვეყანას, მათ შორის, სასამართლო რეფორმის გატარებისთვის უნდა მიეღო. შარლ მიშელის შეთანხმება ასევე ითვალისწინებდა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, თუმცა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 30 ნოემბერს თქვა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების "არავითარი აუცილებლობა არ არსებობს".

კომენტარები