მიხეილ სააკაშვილი

ყიფშიძე: სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს უწყობს, რომ ხვალ სასამართლოში იყოს

კადრი ვიდეოდან / რადიო თავისუფლება

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს უწყობს, რომ ხვალ, 29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი საქმის განხილვას დაესწროს.

"ელოდება მოუთმენლად ხვალინდელ დღეს და ალბათ, ხვალ თვითონ იხილავთ ყველა როგორ არის. ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს უწყობს, რომ ხვალ იყოს სასამართლოში. თვითონ მოუთმენლად ელოდება, რომ ხვალ შეხვდეს ქართველ ხალხს და თქვას თავისი სიტყვა". – თქვა ყიფშიძემ გორის სამხედრო ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ.

20 ნოემბერს, შიმშილობის 50-ე დღეს მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო კლინიკაში გადაიყვანეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა. ექიმებისა და ადვოკატების თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, უმჯობესდება და მას 29 ნოემბრის სასამართლო პროცესზე დასწრება სურს. 

სააკაშვილის საქმის ერთ-ერთი მოსამართლის, ლიანა ორკოდაშვილის თქმით, მას ჰგონია, რომ ორშაბათს, 29 ნოემბერს სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი საქმის განხილვის მორიგ პროცესს ფიზიკურად დაესწრება.

10 ნოემბერს საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტის პირველი სასამართლო სხდომა გაიმართა მას შემდეგ, რაც ის საქართველოში დააპატიმრეს. მოთხოვნის მიუხედავად, პენიტენციურმა მას სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცა. სააკაშვილს სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლება არც 15 და 16 ნოემბერს გამართულ პროცესებზე მისცეს.

ექსპრეზიდენტი 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მოგვიანებით გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანს, რომ სააკაშვილი გლდანის ციხეში ძალის გამოყენებით გადაიყვანეს

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ის გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს, უთხრეს, რომ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, როგორც ამას თავად ითხოვდა. სააკაშვილის თქმით, როდესაც მიხვდა, რომ გლდანის ციხესთან იყო, მანქანიდან არ გადმოდიოდა და სამართალდამცველებმა ის საავადმყოფოში ძალით შეიყვანეს. 

კომენტარები