მიხეილ სააკაშვილი

ჩალაძე: სააკაშვილის ფანჯარასთან აყენია მანქანა, რომელიც ელექტრომაგნიტურ ტალღებს ასხივებს

კადრები ვიდეოდან / TV პირველი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, გიორგი ჩალაძის თქმით, გორის სამხედრო ჰოსპიტალთან, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფანჯრებთან დგას მანქანა, რომელიც ელექტრომაგნიტურ ტალღებს ასხივებს. ჩალაძის თქმით, ეს გამოსხივება იწვევს ფსიქიკურ აშლილობას, ჯანმრთელობის პრობლემებსა და სიკვილსაც კი.

"ჩვენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ფანჯარასთან აყენია მანქანა, რომელიც ასხივებს ელექტრომაგნიტურ ტალღებს. ჩვენი მთავრობისთვის გასაგებ ენაზე, რუსულად ე.წ სისტემა "კუპოლი", ანუ გუმბათი. მისი გამოსხივება მინიმუმ 100 მეტრის რადიუსით სასიცოცხლო საფრთხეს უქმნის ყველა გარშემო მყოფს. იწვევს სისხლის გათეთრებიდან დაწყებული ფსიქოლოგიური აშლილობით დამთავრებული. ჩვენი კადრებით, ერთ კილომეტრზეა დაფიქსირებული ეს გამოსხივება. ეს იწვევს ადამიანის ფსიქიკურ შეშლილობას, ჯანმრთელობის მოსპობას და სიკვდილს. ამას შეუძლია მოკლას ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი, ამას შეუძლია მოკლას ყველა, ვინც ამ ფანჯრებთან, ამ მანქანასთან 100 მეტრის რადიუსში იმყოფება". – თქვა გიორგი ჩალაძემ, რომელიც გორის სამხედრო ჰოსპიტალთან იმყოფება.

ჩალაძემ სახალხო დამცველსა და დიპლომატიურ კორპუსს მოუწოდა, რომ ეს საკითხი შეისწავლონ.

20 ნოემბერს, შიმშილობის 50-ე დღეს მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო კლინიკაში გადაიყვანეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა. ექიმებისა და ადვოკატების თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, უმჯობესდება და მას 29 ნოემბრის სასამართლო პროცესზე დასწრება სურს. 

სააკაშვილის საქმის ერთ-ერთი მოსამართლის, ლიანა ორკოდაშვილის თქმით, მას ჰგონია, რომ ორშაბათს, 29 ნოემბერს სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი საქმის განხილვის მორიგ პროცესს ფიზიკურად დაესწრება.

10 ნოემბერს საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტის პირველი სასამართლო სხდომა გაიმართა მას შემდეგ, რაც ის საქართველოში დააპატიმრეს. მოთხოვნის მიუხედავად, პენიტენციურმა მას სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცა. სააკაშვილს სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლება არც 15 და 16 ნოემბერს გამართულ პროცესებზე მისცეს.

ექსპრეზიდენტი 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მოგვიანებით გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანს, რომ სააკაშვილი გლდანის ციხეში ძალის გამოყენებით გადაიყვანეს

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ის გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს, უთხრეს, რომ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, როგორც ამას თავად ითხოვდა. სააკაშვილის თქმით, როდესაც მიხვდა, რომ გლდანის ციხესთან იყო, მანქანიდან არ გადმოდიოდა და სამართალდამცველებმა ის საავადმყოფოში ძალით შეიყვანეს. 

კომენტარები