კორონავირუსი მსოფლიოში

ბრიტანეთში შტამ ომიკრონის 2 შემთხვევა დადასტურდა – ქვეყნები საეჭვო შემთხვევებს იკვლევენ

AP

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი შტამის, ომიკრონის ორი შემთხვევა დადასტურდა. ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ორივე ინფიცირებული ერთმანეთთან დაკავშირებულები არიან და სამხრეთ აფრიკაში მოგზაურობის ისტორია აქვთ. გერმანიისა და ჩეხეთის მთავრობების ინფორმაციით, ისინი ასევე სწავლობენ ახალი შტამის საეჭვო შემთხვევებს.

ამასთან, 27 ნოემბერს სამხრეთ აფრიკიდან ნიდერლანდებში ჩასულ 61 მოქალაქეს კორონავირუსი დაუდასტურდა, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები შემთხვევებს სწავლობენ, რათა დაადგინონ, არიან თუ არა მათ შორის შტამ ომიკრონით ინფიცირებულები.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ბრაზილიამ, კანადამ, ავსტრალიამ და ევროკავშირის არაერთმა ქვეყანამ სამხრეთ აფრიკიდან საზღვრის კვეთასა და მოგზაურობაზე შეზღუდვები დააწესა.

შტამ ომიკრონის გავრცელების გამო აფრიკის 8 ქვეყნიდან საზღვრის კვეთაზე რეგულაციები დააწესა საქართველოს მთავრობამაც, რომელიც ძალაში 28 ნოემბრიდან შევა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) მიიჩნევს, რომ კორონავირუსის ახალი შტამი შეშფოთებას იწვევს. სამხრეთ აფრიკის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, გავრცელებული შტამი უკიდურესად დიდი რაოდენობის მუტაციებს შეიცავს და მსოფლიოს მასშტაბით გავრცელებული ვარიანტებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. 

კომენტარები