COVID-19

COVID-19-ის ახალი ვარიანტის გავრცელების გამო, საფონდო ბირჟებზე აქციების ფასები ეცემა

სამხრეთ აფრიკაში COVID-19-ის ახალი B.1.1.529 შტამის გავრცელებამ საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე პანიკური ვაჭრობა გამოიწვია. 

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ინვესტორებს ახალი რეგულაციების და ეკონომიკური შეზღუდვების დაწესების შიში აქვთ, რის გამოც ეცემა კომპანიების აქციების, ნავთობის, ოქროს, კრიპტოვალუტების და სხვა აქტივების ფასები.

ბოლო 48 საათში თითქმის 6.9%-ით დაეცა ნავთობის ფასები, კრიპტოვალუტის ბაზრის საერთო კაპიტალიზაცია კი 6.5%-ით შემცირდა. რაც შეეხება აქციებს, აშშ-ს 500 უმსხვილესი კომპანიის აქციების ღირებულება 1.9%-ით დაეცა, Dow Jones Industrial-ის ღირებულება კი – 2.3%-ით.

კომპანიების აქციების ფასები, 25-26 ნოემბრის მონაცემები.

სამხრეთ აფრიკის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში COVID-19-ის ახალი შტამი გავრცელდა, რომელიც უკიდურესად დიდი რაოდენობის მუტაციებს შეიცავს და მსოფლიოს მასშტაბით გავრცელებული ვარიანტებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. 

ახალი ვარიანტის სახელწოდებაა B.1.1.529 და ის 50-მდე მუტაციას შეიცავს, მისი ცილოვანი სტრუქტურა კი – 30-ზე მეტს.

ექსპერტების ნაწილის შეფასებით, მისი არსებობა შემაშფოთებელია, რადგან სავარაუდოა, რომ მუტაციების სიჭარბემ ვირუსს გავრცელების შესაძლებლობები გაუზარდოს და იმუნურ სისტემაში შეღწევა გაუმარტივოს. 

მიუხედავად იმისა, რომ ახალი ვარიანტის გავრცელების შემთხვევები ამჟამად საკმაოდ დაბალია, გაერთიანებულმა სამეფომ სამხრეთ აფრიკიდან, ნამიბიიდან, ბოტსვანიდან, ზიმბაბვედან და ლესოთოდან ფრენები დროებით შეაჩერა.

ინგლისის ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, გადაწყვეტილება უცნობი შესაძლებლობების შტამის გავრცელებას უკავშირდება. მსგავსი გადაწყვეტილების მიღებას გეგმავს ისრაელიც. 

"ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ვარიანტი, რომელიც ჩვენ დღემდე შეგვხვედრია. ამჟამად მიმდინარეობს გადაუდებელი კვლევები, რათა გავიგოთ მეტი ინფორმაცია მისი გავრცელების, სიმძიმისა და ვაქცინისადმი მგრძნობელობის შესახებ". – ამბობს დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელი, ჯენი ჰარისი.

კომენტარები