სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC) ეხმაურება პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვებს ნარკოპოლიტიკის გამკაცრების შესახებ მიიჩნევს, რომ უკიდურესად პრობლემურია პრემიერმინისტრის მხრიდან რეპრესიასა და დასჯაზე ორიენტირებულ რიტორიკის გამოყენება. ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ პრემიერმინისტრის განცხადება ზრუნვაზე ორიენტირებული პოლიტიკის წახალისების ნაცვლად, ნარკომომხმარებლების სტიგმატიზებას და საზოგადოებისგან კიდევ უფრო გარიყვას იწვევს, ხოლო ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის ჭრილში გამოთქმული მოსაზრებები პრობლემის საფუძვლების აღმოფხვრისკენ არ არის მიმართული.
"უნდა ითქვას, რომ პრემიერმინისტრის მიერ დასმული აქცენტი, თითქოს ნარკოპოლიტიკა დღეს საქართველოში ლიბერალურია, არ გამოხატავს რეალობას. მართალია, 2015 წლიდან დღემდე, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების დამსახურებით, ნარკოპოლიტიკა საქართველოში უფრო მეტად ჰუმანური გახდა, ვიდრე მანამდე იყო, თუმცა, არსებითად ის კვლავაც დასჯის და სისხლისსამართლებრივ მექანიზმებს ეყრდნობა. ცალკეული მიმართულებებით (მაგალითად, მარიხუანას მოხმარებაზე ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი სანქციების გაუქმება) სასჯელის შემსუბუქება ან გაუქმება ვერ ჩაითვლება ზოგადად ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციად. მით უფრო, რომ სახელმწიფოს ამ დრომდე არ აქვს ქმედითი ღონისძიებები გატარებული ნარკოტიკის მოხმარების პრევენციის კუთხით და კვლავაც ფრაგმენტული და არასაკმარისია ზიანის შემცირების და მკურნალობის მიმართულებით არსებული პროგრამები. შესაბამისად, ის, რომ ნარკოტიკის მოხმარება (განსაკუთრებით მოზარდებში) დღეს მნიშვნელოვან სოციალურ გამოწვევას წარმოადგენს, თავისთავად არ უნდა აიხსნას იმით, რომ ბოლო წლებში ცალკეულ ქმედებებზე მოხდა სასჯელების შემსუბუქება. არსებული პრობლემების უპირველესი განმაპირობებელი ფაქტორი სწორედ პრევენციის, ზრუნვის და ზიანის შემცირების მექანიზმების არასაკმარისობა, ან არარსებობაა". – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
ორგანიზაციის ცნობით, არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევა და კანონმდებლობის ანალიზი ცხადყოფს (მაგალითად Human Rights Watch-ის 2018 წლის ანგარიში), რომ საქართველოში ფაქტობრივად მეორეხარისხოვნად არის მიჩნეული ზრუნვასა და მკურნალობაზე ორიენტირებული პოლიტიკის გატარება
სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, არ გამოიყენონ ეს თემა პოლიტიკური მიზნებისთვის და დაიწყონ მსჯელობა რეალურად ჰუმანური, ზრუნვასა და მხარდაჭერაზე ორიენტირებული ნარკოპოლიტიკის შექმნისთვის.
23 ნოემბერს ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ მიმდინარე ლიბერალური ნარკოპოლიტიკა აბსოლუტურად მავნებლურია და მას სწრაფად ჩარევა სჭირდება. მისივე თქმით, "ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს მუშაობა უნდა დავაწყებინოთ".