ლომჯარია: სტრასბურგმა მთავრობას სააკაშვილის მკურნალობა ექსპერტთა დასკვნის შემდეგ დაავალა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიას თქმით, სტრასბურგის სასამართლომ ექსპერტთა ჯგუფის დასკვნაზე მითითებით დაავალა სახელმწიფოს ყოფილი პრეზიდენტისთვის ადეკვატური მკურნალობის მიწოდება. ლომჯარია სოციალურ ქსელში სასამართლოს წერილს აქვყენებს, რომლის მიხედვითაც მთავრობამ 17 ნოემბერს არსებული სამედიცინო დასკვნა უნდა გაითვალისწინოს სააკაშვილისთვის შესაბამისი მკურნალობის უზრუნველყოფისას.

"ნეტავ ახლა რას იტყვიან, რომ "ფეიკი" და არაპროფესიონალურად შესრულებული სამედიცინო დასკვნა გახდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველი?

სტრასბურგის სასამართლოს 19 ნოემბერს გამოუცია დროებითი ღონისძიება და სწორედ სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნაზე მითითებით მიხეილ სააკაშვილისთვის ადეკვატური მკურნალობის მიწოდება დაუვალებია სახელმწიფოსთვის." – წერს ლომჯარია Facebook-ზე და სტრასბურგის სასამართლოს წერილს აქვეყნებს.

ვადასტურებ 18 და 19 ნოემბრის თქვენი კორესპონდენციის მიღებას, რომელიც იმეორებს თქვენს წინა თხოვნას სასამართლოს წესების 39-ე წესის ფარგლებში აპლიკანტი დაუყოვნებლივ იყოს გადაყვანილი ციხის საავადმყოფოდან მულტიპროფილურ სამოქალაქო საავადმყოფოში.

იმ პალატის, რომლისთვისაც იყო გადაცემული საქმე, პრეზიდენტის მითითების შესაბამისად თქვენი ბოლო განაცხადი გადაეცა მთავრობას, რომელიც მოწვეულია, უპასუხოს თქვენს კომენტარებს სასამართლოსთვის თავისი განაცხადის ფარგლებში, რომელიც 2021 წლის 24 ნოემბრამდე უნდა მიეწოდოს სასამართლოს.

პრეზიდენტმა ასევე მომცა მითითება, შევახსენო ორივე მხარეს, რომ სასამართლომ უკვე გამოიყენა სასამართლოს წესების 39-ე წესი ამ საქმეში და [პრეზიდენტმა] ორივე მხარეს მიუთითა დროებით ზომებზე. სასამართლოს წინა, 2021 წლის 10 ნოემბრის მითითების შესაბამისად (1) აპლიკანტმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს შიმშილობა და (2) მთავრობამ უნდა უზრუნველყოს შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა, რომელიც შეეფერება აპლიკანტის ჯანმრთელობის გარემოებების ცვლილებას, რისთვისაც უნდა გაითვალისწინოს 17 ნოემბერს არსებული სამედიცინო მოსაზრება. პრეზიდენტმა ასევე მთხოვა მხარეების ყურადღება მივაქციო ყურადღება რომ ეს ორი დროებითი ზომა უპირობოა.

სასამართლო ხელახლა განიხილავს ამ შუალედურ გადაწყვეტილებას, როდესაც მოპასუხე მთავრობისგან მიიღებს დამატებით ინფორმაციას 2021 წლის 24 ნოემბერს. – ნათქვამია წერილში.

მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო კლინიკაში გადაიყვანეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა. სააკაშვილის გადაწყვეტილების შემდეგ შიმშილობა შეწყვიტეს პარლამენტში მოშიმშილე 9 დეპუტატმა და სხვა მოშიმშილეებმა, იქამდე კი დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ.

19 ნოემბერს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა. ამას წინ უძღოდა 18 ნოემბერს ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება. მან ღამე გლდანის ციხის საავადმყოფოს რეანიმაციაში გაატარა. 

სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა სპეციალისტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა. მათი განცხადებით, პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში. 

ექსპრეზიდენტი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდის გამოთქმიდან, რომ მისი შვილი ციხიდან გაყვანილია, ერთი საათის განმავლობაში არცერთი სახელმწიფო უწყება არ პასუხობდა კითხვას, სად არის მიხეილ სააკაშვილი. 

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ის გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს, უთხრეს, რომ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, როგორც ამას თავად ითხოვდა. სააკაშვილის თქმით, როდესაც მიხვდა, რომ გლდანის ციხესთან იყო, მანქანიდან არ გადმოდიოდა და სამართალდამცველებმა ის საავადმყოფოში ძალით შეიყვანეს. 

10 ნოემბერს გამოქვეყნდა სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დასკვნა დროებითი ზომის გამოყენების შესახებ. სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილს სტანდარტულად შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა, მთავრობას კი სააკაშვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამასთან, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მთავრობამ მას უნდა შეატყობინოს ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ასევე, ციხის საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ).

10 ნოემბერს საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტის პირველი სასამართლო სხდომა გაიმართა მას შემდეგ, რაც ის საქართველოში დააპატიმრეს. მოთხოვნის მიუხედავად, პენიტენციურმა მას სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცა. სააკაშვილს სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლება არც 15 და 16 ნოემბერს გამართულ პროცესზე მისცეს.

კომენტარები