ტაივანი

ტაივანის საელჩოს გახსნის გამო, ჩინეთისა და ლიტვის დიპლომატიური ურთიერთობა გაუარესდა

BBC

მას შემდეგ, რაც ლიტვამ ნება დართო ტაივანს დე ფაქტო საელჩო გაეხსნა, ჩინეთმა გადაწყვიტა ვილნიუსთან დიპლომატიური ურთიერთობა შეემცირებინა. ლიტვა იცავს ტაივანთან ურთიერთობის უფლებას, თუმცა ასევე აცხადებენ, რომ პატივს სცემენ "ერთი ჩინეთის” პოლიტიკიას, რაც ჩინეთის მხოლოდ ერთი  მთავრობის აღიარებას გულისხმობს. 

ჩინეთის საგარეო მინისტრის თქმით, ვილნიუსის გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის ჩინეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ქმნის არასწორ პრაქტიკას საერთაშორისო სივრცეში. სწორედ ამის გამო, ჩინეთი ლიტვასთან დიპლომატიურ ურთიერთობას ამცირებს და ელჩის ნაცვლად საქმეთა დროებით რწმუნებულის დატოვებას აპირებენ. 

ლიტვისთვის ტაივანი ნახევარგამტარების, ლაზერებისა და სხვა მაღალტექნოლოგიური პროდუქტების მთავარი მიმწოდებელია. 

“სამთავრობო პროგრამის მიხედვით, მეტი ეკონომიკური, კულტურული და სამეცნიერო ურთიერთობა ტაივანთან მნიშვნელოვანია”. - ამბობს ლიტვის პრემიერმინისტრი. მისივე განმარტებით,  ეს თავისთავში არ გულისხმობს კონფლიქტს “ერთი ჩინეთის” პოლიტიკასთან. 

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პეკინთან დაპირსპირებაში ლიტვას მხარდაჭერა გამოუცხადა.  

ახალი დიპლომატიური ოფისი ლიტვაში ტაივანის სახელს ატარებს, ნაცვლად “ჩინური ტაიბეისა”, რომელსაც ჩინეთის გაღიზიანების თავიდან ასარიდებლად სხვა ქვეყნებში იყენებენ . უკანასკნელ 18 წელში ეს არის კუნძულის პირველი დიპლომატიური ცენტრი ევროპაში. 

ლიტვის ეს გადაწყვეტილება შეიძლება მანიშნებელი იყოს იმისა, რომ ცენტრალური ევროპის ქვეყნები ტაივანთან მჭიდრო კავშირის დამყარებასა და პეკინის ზეწოლის თავიდან არიდებას ცდილობენ. 

ტაივანს ცოტა მოკავშირე ჰყავს. მის სუვერენიტეტს აღიარებს მხოლოდ 15 სახელმწიფო,  ძირითადად ღარიბი ქვეყნები აფრიკასა და ლათინურ ამერიკაში.


ჩინეთის კომუნისტური რევოლუციის შემდეგ, ქვეყნის ყოფილი მთავრობის წარმომადგენლები კუნძულ ტაივანზე გაიქცნენ, სადაც ადგილობრივებთან ერთად, ფაქტობრივად, ახალი სახელმწიფო დააარსეს, რომელზეც კომუნისტური ჩინეთის გავლენა არ ვრცელდებოდა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ტაივანს, რომელსაც ოფიციალურად ჩინეთის რესპუბლიკა ჰქვია, საკუთარ ტერიტორიად აღიქვამს და მისი შემოერთება სურს. პეკინში არაერთხელ გაჟღერებულა კუნძულის ძალის გამოყენებით შემოერთების შესაძლებლობა.

კომენტარები