მიხეილ სააკაშვილი

ბასილაია კონსილიუმის დასკვნაზე: სამართლებრივად ჩვენს პოზიციებს კიდევ უფრო ამყარებს

საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ბექა ბასილაია აცხადებს, რომ სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სპეციალისტთა ჯგუფის დასკვნა, სამართლებრივი თვალსაზირსით, დაცვის მხარის პოზიციებს ამყარებს. 

მისი თქმით, კონსილიუმი მაღალი კომპეტენციის და რეპუტაციის მქონე პროფესიონალებისგან არის შექმნილი და მათ მიერ დადებული დასკვნა "სავალდებულო წესით უნდა იქნეს გაზიარებული". 

"ამ დასკვნიდან კარგად ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილის მე-18 დაწესებულებაში ყოფნის ყოველი წუთი მისი სიცოცხლისთვის არის საფრთხის შემცველი. ეს დასკვნები, სამართლებრივი თვალსაზრისით, ჩვენს პოზიციებს კიდევ უფრო ამყარებს. იმედს ვიტოვებ, რომ ისინი მოეგებიან გონს და იმოქმედებენ ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობისთვის საუკეთესო ინტერესებით და არ გაყვებიან იმ პოლიტიკურ დღის წესრიგს, რომელიც ღარიბაშვილს ჰქონდა დაანონსებული - სრულიად არაჰუმანური, რომ ადამიანი უნდა გარდაიცვალოს თურმე".- ამბობს ბასილიაია მთავარ არხთან. 


სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა სპეციალისტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა. მათი განცხადებით, პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში. 

ექსპრეზიდენტი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდის გამოთქმიდან, რომ მისი შვილი ციხიდან გაყვანილია, ერთი საათის განმავლობაში არცერთი სახელმწიფო უწყება არ პასუხობდა კითხვას, სად არის მიხეილ სააკაშვილი. 

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ის გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს, უთხრეს, რომ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, როგორც ამას თავად ითხოვდა. სააკაშვილის თქმით, როდესაც მიხვდა, რომ გლდანის ციხესთან იყო, მანქანიდან არ გადმოდიოდა და სამართალდამცველებმა ის საავადმყოფოში ძალით შეიყვანეს. 

ამავდროულად მიხეილ სააკაშვილს პერმანენტულ რეჟიმში ესმის მისი მისამართით პატიმრების გინება. როგორც ამბობს, ეს ღამითაც გრძელდება. უკვე 49-ე დღეა, რაც მას შიმშილობა აქვს გამოცხადებული. 

11 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა მიმართვა გაავრცელა, რომელშიც წერს, რომ იგი შიმშილობას შეწყვეტს, თუ მულტიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ.

10 ნოემბერს გამოქვეყნდა სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დასკვნა დროებითი ზომის გამოყენების შესახებ. სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილს სტანდარტულად შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა, მთავრობას კი სააკაშვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამასთან, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მთავრობამ მას უნდა შეატყობინოს ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ასევე, ციხის საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ).

10 ნოემბერს საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტის პირველი სასამართლო სხდომა გაიმართა მას შემდეგ, რაც ის საქართველოში დააპატიმრეს. მოთხოვნის მიუხედავად, პენიტენციურმა მას სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცა. სააკაშვილს სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლება არც 15 და 16 ნოემბერს გამართულ პროცესზე მისცეს.

კომენტარები