მიხეილ სააკაშვილი

კალაძე: პირველად გავიგე პატიმრის პრივილეგიებით სარგებლობა, ყველა პატიმარი არის პატიმარი

"პირველად გავიგე, პატიმრის პრივილეგიებით სარგებლობა თუ არსებობდა, ყველა პატიმარი არის პატიმარი". - ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი რიგითი პატიმარი არაა და ამის გამო მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა უფრო რთულია.

კალაძის თქმით, პატიმრები  ადამიანები არიან, რომლებიც დანაშაულს ჩადიან და მათ მოუწევთ, პასუხი აგონ კანონის წინაშე.

მისივე მტკიცებით, გლდანის მე-18 დაწესებულება, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, ყველანაირად არის აღჭურვილი ტექნიკური შესაძლებლობებით.

"მიხეილ სააკაშვილი წინააღმდეგობას უწევდა დაწესებულების თანამშრომლებს და იძულებული იყვნენ, ამ ფორმით შეეყვანათ საკანში. შესაბამისმა სამსახურმა გააკეთა განცხადებები. დღეს მოვისმინეთ ასევე მთავარი ექიმის განცხადება, რომ მე-18 დაწესებულებაში, სადაც პატიმარი სააკაშვილი იმყოფება, ყველანაირი პირობებია შექმნილი, რათა ჩატარდეს მკურნალობა, თუ ამის აუცილებლობა იქნება. ყველანაირად აღჭურვილია ტექნიკური შესაძლებლობებით. გარდა ამისა, არის შესაბამისი ბრიგადები, რომლებიც მორიგეობენ და თუ აუცილებლობა იქნება, შესაბამისი სამსახური მზად არის, ეს დახმარება გაუწიოს და მისი ჯანმრთელობას უსაფრთხოება იყოს დაცული, როგორც ყველა პატიმრის". - ამბობს კალაძე. 

რაც შეეხება სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებს, სადაც ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანის დაწესებულებაში ძალის გამოყენებით გადაჰყავთ, კალაძე ამბობს, "ეს კადრები, პირველ რიგში, მოთხოვნილი იყო თქვენი, ჟურნალისტების მხრიდან და შესაბამისმა სამსახურმა გაავრცელა".

ჟურნალისტის კითხვაზე, ვინ არის პასუხისმგებელი მოშიმშილეების ჯანმრთელობაზე, კალაძე პასუხობს: "პირველ რიგში, მოშიმშილე ადამიანები. არავის დაუვალებია მათთვის შიმშილობა და რა თქმა უნდა, შესაბამისი უწყება ყველაფერს გააკეთებს, რათა მათი ჯანმრთელობის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს". 


ექსპრეზიდენტი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდის გამოთქმიდან, რომ მისი შვილი ციხიდან გაყვანილია, ერთი საათის განმავლობაში არცერთი სახელმწიფო უწყება არ პასუხობდა კითხვას, სად არის მიხეილ სააკაშვილი. 

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ის გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს, უთხრეს, რომ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, როგორც ამას თავად ითხოვდა. სააკაშვილის თქმით, როდესაც მიხვდა, რომ გლდანის ციხესთან იყო, მანქანიდან არ გადმოდიოდა და სამართალდამცველებმა ის საავადმყოფოში ძალით შეიყვანეს. 

ამავდროულად მიხეილ სააკაშვილს პერმანენტულ რეჟიმში ესმის მისი მისამართით პატიმრების გინება. როგორც ამბობს, ეს ღამითაც გრძელდება. უკვე 48-ე დღეა, რაც მას შიმშილობა აქვს გამოცხადებული. 

11 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა მიმართვა გაავრცელა, რომელშიც წერს, რომ იგი შიმშილობას შეწყვეტს, თუ მულტიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ.

10 ნოემბერს გამოქვეყნდა სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დასკვნა დროებითი ზომის გამოყენების შესახებ. სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილს სტანდარტულად შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა, მთავრობას კი სააკაშვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამასთან, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მთავრობამ მას უნდა შეატყობინოს ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ასევე, ციხის საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ).

10 ნოემბერს საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტის პირველი სასამართლო სხდომა გაიმართა მას შემდეგ, რაც ის საქართველოში დააპატიმრეს. მოთხოვნის მიუხედავად, პენიტენციურმა მას სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცა. სააკაშვილს სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლება არც 15 და 16 ნოემბერს გამართულ პროცესზე მისცეს.

კომენტარები