დაძაბულობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

სომხეთი და აზერბაიჯანი საზღვარზე ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

სომხეთის სამხედრო ძალების ჯარისკაცი

სომხეთი და აზერბაიჯანი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, რუსეთმა მხარეებს მოუწოდა საზღვარზე დაპირისპირება შეეწყვიტათ. საზღვარზე შეტაკებები 16 ნოემბერს დაიწყო.

"რუსეთის მედიაციით მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, ცეცხლი შეწყდა სომხეთ-აზერბაიჯანის აღმოსავლეთ მონაკვეთზე. მდგომარეობა შედარებით სტაბილურია" – ნათქვამია სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

რუსული სამთავრობო მედიის მიხედვით, შეტაკებების დაწყების შემდეგ სომხურმა მხარემ რუსეთს სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის დაცვის თხოვნით მიმართა. კრემლის მიხედვით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საზღვარზე მიმდინარე მოვლენებით ტელეფონით საუბრისას განიხილეს. გარდა ამისა რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ესაუბრა აზერბაიჯანისა და სომხეთის თავდაცვის მინისტრებს.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფო საზღვრის ტერიტორიაზე დღეს, 16 ნოემბერს შეტაკებები მოხდა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ბრალდებით, სომხური მხარე სტრატეგიული მაღლობების დაკავებას ცდილობდა, თუმცა მიზნებს ვერ მიაღწიეს. მათივე ცნობით, პანიკაში ჩავარდნილმა მოწინააღმდეგეებმა პოსტები მიატოვეს.

სომხეთის თავდაცვის სამინსიტრომ დაადასტურა, რომ ორი საბრძოლო პოზიცია დაკარგეს. მათი თქმით ტყვედ ჩავარდა 12 სომეხი ჯარისკაცი და შესაძლოა 15 დაიღუპა.

კომენტარები