მიხეილ სააკაშვილი

ლომჯარია: ომბუდსმენი აპირებს სტრასბურგს მიმართოს, სააკაშვილის საქმეში მესამე მხარედ ჩართოს

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, ომბუდსმენის სამსახური აპირებს სტრასბურგის სასამართლოს მიმართოს, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმეში მესამე მხარედ ჩართოს.

"სახალხო დამცველი აპირებს სტრასბურგის სასამართლოს მიმართოს თხოვნით, რომ ამ საქმეში ჩართოს მესამე მხარედ. ჩვენ გვქონია შემთხვევები, როდესაც სტრასბურგი ეთანხმება, სახალხო დამცველს რთავს მესამე მხარედ და იმედს ვიტოვებთ, რომ ამ შემთხვევაშიც მოგვეცემა საშუალება და თუ მიიღებს სტრასბურგის სასამართლო ჩვენს თხოვნას, იქ წარვადგენთ ჩვენ მიერ მოპოვებულ ინფორმაციას, მათ შორის, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით". – თქვა ნინო ლომჯარიამ N18 სამკურნალო პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრამდე.

ექსპრეზიდენტი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდის გამოთქმიდან, რომ მისი შვილი ციხიდან გაყვანილია, ერთი საათის განმავლობაში არცერთი სახელმწიფო უწყება არ პასუხობდა კითხვას, სად არის მიხეილ სააკაშვილი. 

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ის გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს, უთხრეს, რომ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, როგორც ამას თავად ითხოვდა. სააკაშვილის თქმით, როდესაც მიხვდა, რომ გლდანის ციხესთან იყო, მანქანიდან არ გადმოდიოდა და სამართალდამცველებმა ის საავადმყოფოში ძალით შეიყვანეს. 

ამავდროულად მიხეილ სააკაშვილს პერმანენტულ რეჟიმში ესმის მისი მისამართით პატიმრების გინება. როგორც ამბობს, ეს ღამითაც გრძელდება. უკვე 47-ე დღეა, რაც მას შიმშილობა აქვს გამოცხადებული. 

11 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა მიმართვა გაავრცელა, რომელშიც წერს, რომ იგი შიმშილობას შეწყვეტს, თუ მულტიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ.

10 ნოემბერს გამოქვეყნდა სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დასკვნა დროებითი ზომის გამოყენების შესახებ. სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილს სტანდარტულად შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა, მთავრობას კი სააკაშვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამასთან, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მთავრობამ მას უნდა შეატყობინოს ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ასევე, ციხის საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ).

10 ნოემბერს საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტის პირველი სასამართლო სხდომა გაიმართა მას შემდეგ, რაც ის საქართველოში დააპატიმრეს. მოთხოვნის მიუხედავად, პენიტენციურმა მას სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცა. სააკაშვილს სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლება არც 15 და 16 ნოემბერს გამართულ პროცესზე მისცეს.

კომენტარები