მიხეილ სააკაშვილი

"არ მინდა ჩემი პრეზიდენტის გარდაცვალების მონაწილე ვიყო" – ბურჭულაძე შიმშილობას იწყებს

პაატა ბურჭულაძე
სახელმწიფო ხალხისათვის

მსოფლიო ბანი, პაატა ბურჭულაძე, საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვით შიმშილობას იწყებს. ის მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად საქართველოში, დღეს, 16 ნოემბერს დაბრუნდა. 

"გარდა იმისა, რომ არ გადაჰყავთ მიხეილ სააკაშვილი მულტიფუნქციურ კლინიკაში, გარდა მაგისა, კიდევ გამოაქვეყნეს სამარცხვინო კადრები, შეგვარცხვინა მთელი საქართველო, ამიტომაც მე ჩამოვედი. მე მინდა ჩემი მოკრძალებული პროტესტი გამოვთქვა და დღეიდან დავიწყო შიმშილობა, შევუერთდები მე ჩემებურად, მე არ მინდა მონაწილე ვიყო ჩემი პრეზიდენტის გარდაცვალების, თუ ჩვენ დავკარგეთ სააკაშვილი, ჩვენ დავკარგავთ საქართველოს, დავკარგავთ მკაფიო და ნათელ წარსულს, რომელიც ჩვენ გვქონდა".- ამბობს ბურჭულაძე მთავარ არხთან. 

 

ექსპრეზიდენტი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდის გამოთქმიდან, რომ მისი შვილი ციხიდან გაყვანილია, ერთი საათის განმავლობაში არცერთი სახელმწიფო უწყება არ პასუხობდა კითხვას, სად არის მიხეილ სააკაშვილი. 

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ის გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს, უთხრეს, რომ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, როგორც ამას თავად ითხოვდა. სააკაშვილის თქმით, როდესაც მიხვდა, რომ გლდანის ციხესთან იყო, მანქანიდან არ გადმოდიოდა და სამართალდამცველებმა ის საავადმყოფოში ძალით შეიყვანეს. 

ამავდროულად მიხეილ სააკაშვილს პერმანენტულ რეჟიმში ესმის მისი მისამართით პატიმრების გინება. როგორც ამბობს, ეს ღამითაც გრძელდება. უკვე 48-ე დღეა, რაც მას შიმშილობა აქვს გამოცხადებული. 

10 ნოემბერს გამოქვეყნდა სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დასკვნა დროებითი ზომის გამოყენების შესახებ. სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილს სტანდარტულად შიმშილობის შეწვეტისკენ მოუწოდა, მთავრობას კი სააკაშვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამასთან, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მთავრობამ მას უნდა შეატყობინოს ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ასევე, ციხის საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ).

10 ნოემბერს ასევე საქალაქო სასამართლოში ექსპრეიზდენტის პირველი სასამართლო სხდომა გაიმართა მას შემდეგ, რაც ის საქართველოში დააპატიმრეს. მოთხოვნის მიუხედავად, პენიტენციურმა მას სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცა. მიხეილ სააკაშვილი არ სასამართლოში არ გადაიყვანეს არც 15 ნოემბრის პროცესზე.

კომენტარები