ქართული ოცნება

ხელაშვილი: უცხოეთის აზრის გაფეტიშება ხდება, შიდა პოლიტიკაში შემოჭრისას პასუხი აუცილებელია

ქართულ პოლიტიკაში 30 წელია ხდება ერთი რამ, რაც არ არის დამახასიათებელი თითქმის არც ერთი სხვა ქვეყნისთვის, ეს არის უცხოელი პოლიტიკოსების და უცხოეთის აზრის გაფეტიშება, რაც პროპორციიდან არის ამოვარდნილი ანუ საქართველოში რა ხდება და სხვა ქვეყნებში რა ხდება.

ეს ძალიან ბუნებრივია მეორე მხრივ საქართველოსთვის, ვინაიდან ჩვენი სუვერენიტეტი, ჩვენი დამოუკიდებლობა, ჩვენი უსაფრთხოება ძალიან არის დამოკიდებული დასავლეთის მხარდაჭერაზე, სწორედ ამიტომაც არის, რომ ამხელა ყურადღებას ვაქცევთ ამ ყველაფერს და ამით არის განპირობებული ზუსტად ის, რომ თუნდაც მცირე ნაწილის კრიტიკა, ცალკეული პოლიტიკოსის, ამ შემთხვევაში ანა ფოტიგას ინტერვენციამ განაპირობა როგორც ჩანს, ამ წერილის დაწერა.

თითოეული მეგობარი ჩვენთვის არის ღირებული, აქამდე რატომ არ იყო თუნდაც ჩვენი მხრიდან პასუხი? ყოველთვის ვეფერებოდით, ყოველთვის ვცდილობდით, რომ შემოგვერიგებინა, აგვეხსნა და ა.შ. ერთადერთი მიზნით, ეს არის საქართველოს ინტერესები ევროპაში და აშშ-ში. როდესაც გაკრიტიკებს ადამიანი შენ, როგორც პოლიტიკურ პარტიას, შენ მაინც ცდილობ, რომ ის დატოვო შენს მეგობრად იმისთვის, რომ სახელმწიფო ინტერესები არ დაზიანდეს, მაგრამ თუ პოლიტიკოსი უკვე გადადის ზღვარს, რის მიღმაც ის უკვე იჭრება შენს შიდა პოლიტიკაში და შეიძლება, მისმა ჩარევამ დააზიანოს ქვეყნის ინტერესები, ამ შემთხვევაში პასუხი არის აუცილებელი

ქართული ოცნების დეპუტატი გოორგი ხელაშვილი TV იმედის ეთერში ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა. ქართული ოცნების თავმჯდომარემ ევროპარლამენტარებს ვრცელი წერილით მიმართა და თქვა, რომ პარტნიორებმა უნდა აჩვენონ, რომ საქართველოს მეგობრები არიან და არა – სააკაშვილის. მან ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან ციხეში არ შეუშვეს, ჰკითხა - "ცნობენ თუ არა ისინი საქართველოს სახელმწიფოდ? და თუ ცნობენ - მიაჩნიათ თუ არა, რომ სამართლისა და კანონის უზენაესობა სახელმწიფოს აუცილებელი ატრიბუტია?".

"მომავალში, როდესაც ჩვენი უცხოელი პარტნიორების ნაბიჯებს შევაფასებთ, ჩვენთვის სახელმძღვანელო სწორედ ამ წერილში ასახული მთავარი პრინციპი იქნება - ქართული სახელმწიფო ვერ ითანამშრომლებს იმ ადამიანებთან, რომლებიც კრიმინალების სასარგებლოდ პოლიტიკური მიკერძოების გამო, ამ სახელმწიფოს სახელმწიფოდ არ ცნობენ" - წერს ირაკლი კობახიძე.

კომენტარები