საგარეო ვალი

აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს $120-მილიონიანი სესხი დაუმტკიცა

აზიის განვითარების ბანკმა [ADB] საქართველოს 120 მილიონი დოლარის [€101 მლნ] ოდენობის საბიუჯეტო სესხი დაუმტკიცა, რომელიც ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებას უნდა მოხმარდეს. 

"ეს პროექტი საქართველოს პანდემიის გავლენისგან გათავისუფლებაში დაეხმარება და ხელს შეუწყობს ქალაქების უფრო მდგრად, მრავალმხრივ და კლიმატის ცვლილებებისადმი მედეგ განვითარებას". – თქვა ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა, ევგენი ჟუკოვმა.

ბანკის ინფორმაციით, გამოყოფილი რესურსები ქალაქების ცენტრების, პარკებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესებას მოხმარდება. 

აზიის განვითარების ბანკი 1966 წელს დაარსდა და ის 68 ქვეყანას აერთიანებს, საქართველო მისი წევრი 2007 წლიდანაა. საერთო ჯამში, ADB-ს მიერ საქართველოზე გაცემული სესხებს ჯამი 3.92 მილიარდ დოლარს შეადგენს და ის ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პარტნიორია. 

აღსანიშნავია, რომ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობამ ევროკავშირისგან €75-მილიონიანი დახმარების მეორე ნაწილის სესხის სახით მიღებაზე თავი შეიკავა, რადგან ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მოლოდინისა და საგარეო ვალის შემცირების ფონზე, ქვეყანაში დამატებითი სახსრების მოზიდვის საჭიროება არ არსებობდა. 

ევროკავშირის განცხადებით, საქართველომ ვერ შეძლო საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა, კერძოდ, გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი.


2020 წლის აპრილში ევროკომისიამ პანდემიით გამოწვეული სოციალური-ეკონომიკურ პრობლემებთან გასამკლავებლად პარტნიორებისთვის €3 მილიარდიანი მაკროფინანსური დახმარების პაკეტი მიიღო. პროგრამის ფარგლებში ევროკავშირმა საქართველოსთვის 150 მილიონი ევრო გამოყო კრედიტის სახით 15 წლის ვადით, რომლის განაკვეთიც 2% დამატებული Euribor-ია (ევრო ბანკთაშორისი განაკვეთი). დახმარების პირველი ნაწილი, 75 მილიონი ევრო საქართველომ 2020 წლის ნოემბერში მიიღო.

ევროკავშირის პირობების თანახმად, თუკი საქართველოს მთავრობა გაატარებდა საჭირო რეფორმებს სასამართლო სისტემის, მმართველობის, ფინანსური და ენერგეტიკული სფეროების მიმართულებით, მაშინ მაკროფინანსური პაკეტის სახით საქართველო ევროკავშირისგან დახმარების მეორე ნაწილს, 75 მილიონი ევროს 2021 წლის დასაწყისში მიიღებდა.

საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი ფონზე ევროკავშირის დახმარების შეჩერების შესაძლებლობის შესახებ ევროპარლამენტარები წარსულში საუბრობდნენ. ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა თქვა, რომ მიშელის დოკუმენტის დარღვევის შემდეგ სერიოზულად განიხილება საქართველოსთვის მაკროფინანსური დახმარების შეჩერების საკითხი.

კომენტარები