საგარეო ვალი

2022 წელს საქართველოს მთავრობა 4.35 მილიარდი ლარის ვალს აიღებს

2022 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსიის თანახმად, მომავალ წელს საქართველოს მთავრობა 4.348 მილიარდი ლარის ოდენობის ვალს აიღებს. 

აღნიშნული ვალდებულებებიდან 3.05 მილიარდი ლარი საგარეო ვალი იქნება, 1.3 მილიარდი ლარი კი – ახალი შიდა ვალი.  

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის 9 თვეში საქართველოს მთავრობამ უკვე აიღო 3.6 მილიარდი ლარი სესხის სახით, რაც ბიუჯეტის მთლიანი შემოსულობების 28%-ს შეადგენს. 

მომავალ წელს მთავრობა 1.23 მილიარდი ლარის მოცულობის ვალის დაფარვას გეგმავს, აქედან 1.2 მილიარდი ლარი საგარეო ვალდებულებებზე, 43 მილიონი ლარი კი შიდა ვალის მომსახურებაზე დაიხარჯება. 

ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2022 წლის დეკემბრის ბოლოსთვის საქართველოს სახელმწიფო ვალის მთლიანი ნაშთი 35 მილიარდ ლარს მიაღწევს. 

აღსანიშნავია, რომ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობამ ევროკავშირისგან €75-მილიონიანი დახმარების მეორე ნაწილის სესხის სახით მიღებაზე თავი შეიკავა, რადგან ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მოლოდინისა და საგარეო ვალის შემცირების ფონზე, ქვეყანაში დამატებითი სახსრების მოზიდვის საჭიროება არ არსებობდა. 

ევროკავშირის განცხადებით, საქართველომ ვერ შეძლო საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა, კერძოდ, გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი.

კომენტარები