შვედეთის ყოფილი პრემიერმინისტრი და ევროპული ანალიტიკური ინსტიტუტის საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარე კარლ ბილდტი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს ეხმაურება.
"აღმაშფოთებელია, რომ მიხელ სააკაშვილს საკუთარ სასამართლო პროცესზე დასწრების უფლებაც კი არ მისცეს. სტალინის პერიოდში მოსკოვის ცნიბილი საჩვენებელი სასამართლო პროცესებიც კი არ წასულა ასე შორის." - წერს ბილდტი Twitter-ზე.
მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გუშინ, 10 ნოემბერს გაიმართა. პენიტენციური სამსახურის განცხადებით, სააკაშვილს სასამართლო დარბაზში ოპოზიციის "შესაძლო დესტრუქციული მოქმედებების" და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას გამო ვერ გადაიყვანეს. ასევე სააკაშვილის ადვოკატებმა ბექა ბასილაიამ და შოთა თუთბერიძემ პროტესტის ნიშნად სასამართლო სხდომა დატოვეს. ისინი სააკაშვილის სხვა ადვოკატების, დიმიტრი საძაგლიშვილისა და ნიკა გვარამიას სხდომაზე დასწრებას ითხოვდნენ, რაზეც სასამართლომ უარი განუცხადა. მიხეილ სააკაშვილის ომდევნო სასამართლო პროცესი 29 ნოემბერს ჩაინიშნა.
მიხეილ სააკაშვილი 42-ე დღეა შიმშილობს.
ექსპრეზიდენტი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდის გამოთქმიდან, რომ მისი შვილი ციხიდან გაყვანილია, ერთი საათის განმავლობაში არცერთი სახელმწიფო უწყება არ პასუხობდა კითხვას, სად არის მიხეილ სააკაშვილი.
მოგვიანებით სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ექსპრეზიდენტმა გლდანის ციხეში შესვლისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს და დააზიანა ძვირადღირებული სამედიცინო აპარატურა. ამასთან დაკავშირებით გენერალურმა ინსპექციამ გამოძიება დაიწყო.
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით დროებითი ზომის მიღებაზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა.





