მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილის ადვოკატებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა ბექა ბასილაიამ და შოთა თუთბერიძემ პროტესტის ნიშნად სასამართლო სხდომა დატოვეს. ისინი სააკაშვილის სხვა ადვოკატების, დიმიტრი საძაგლიშვილისა და ნიკა გვარამიას სხდომაზე დასწრებას ითხოვდნენ, რაზეც სასამართლომ უარი განუცხადა. 

"გამოვაცხადოთ შესვენება და საძაგლიშვილი და გვარამია შემოვიდნენ პროცესზე, ისინი იმყოფებოდნენ საპატიმროში და შესაძლოა, რაიმე ახალ ინფორმაციას ფლობდნენ, ან შეიძლება ახალი გარემოება ჰქონდეთ". - მიმართა ბასილაიამ მოსამართლეს, რაზეც მან უპასუხა, რომ დაწყებულ პროცესზე სხვა ადვოკატების შემოსვლა დაუშვებელია. 

"მაშინ მე ვერ ვხედავ აზრს და ვტოვებ". - თქვა ბასილაიამ. 

საქართველოს ექსპრეზიდენტის პროცესი 13:00 საათზე დაიწყო, თუმცა სხდომა დისტანციურად მიმდინარეობს. სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს სასამართლო პროცესზე ვერ გადაიყვანენ. უწყება მიზეზად ოპოზიციის "შესაძლო დესტრუქციულ მოქმედებებს", ასევე, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებს.

კომენტარები