მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები

ყველაზე მკვეთრი ვარდნა ისტორიაში – ილონ მასკის ქონება 48 საათში $50 მილიარდით შემცირდა

ილონ მასკი

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის ქონებამ ისტორიაში ყველაზე მკვეთრი ვარდნა განიცადა და ის 48 საათში თითქმის 50 მილიარდი დოლარით შემცირდა.

მიუხედავად მკვეთრი შემცირებისა, მასკის ქონება 288 მილიარდ დოლარადაა შეფასებული და ის მეორე ადგილზე მყოფ Amazon-ის დამფუძნებელს, ჯეფ ბეზოსს თითქმის $80 მილიარდით უსწრებს. 

მასკის ქონების შემცირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კომპანია Tesla-ს აქციების ფასის 13%-ით გაუფასურებაა, რაც, გარკვეულწილად, თავად მასკის ქმედებას უკავშირდება. 

6 ნოემბერს მან სოციალურ ქსელ Twitter-ში გამოკითხვა ჩაატარა, სადაც ის გამომწერებს ეკითხებოდა, უნდა გაეყიდა თუ არა მას Tesla-ს აქციების 10%. გამოკითხვაში მონაწილეობა 3.5 მილიონმა მომხმარებელმა მიიღო და 57.9%-მა კომპანიის აქციების გაყიდვას დაუჭირა მხარი. 

ტვიტის გავრცელებიდან რამდენიმე წუთში აქციების ფასმა ვარდნა დაიწყო და გაუფასურების პროცესი დღემდე გრძელდება. 

ეკონომისტთა ნაწილის შეფასებით, კომპანიის აქციების ფასის შემცირების ძირითადი მიზეზი გაცილებით მნიშვნელოვანი ფუნდამენტური ფაქტორებითაა გამოწვეული, ვიდრე აღმასრულებელი დირექტორის ტვიტებით. 

მათი განმარტებით, უკანასკნელ პერიოდში Tesla-ს გაძვირება სპეკულაციური შეფასებითა და გაუაზრებელი ვაჭრობით იყო გამოწვეული, რასაც ხშირად საფონდო ბირჟებზე ფასის მკვეთრი კორექცია მოჰყვება ხოლმე, რაც აჯანსაღებს ბაზარს და ე.წ. სპეკულაციური ბუშტის გაჩენის რისკებს ამცირებს.

უკანასკნელ პერიოდში Tesla-ს აქციების რეკორდულ ნიშნულამდე ზრდა კომპანია Hertz-თან ხელშეკრულების გაფორმებას და 100 000 ელექტრომობილის შეკვეთას უკავშირდება. 

აქციების ფასის ზრდის წყალობით, 2021 წლის ოქტომბერში Tesla-ს საბაზრო კაპიტალიზაციამ ტრილიონ დოლარს გადააჭარბა და ის მსოფლიო რეიტინგში რიგით მეექვსე ყველაზე ძვირადღირებული კომპანია გახდა

ავტომწარმოებლების რეიტინგში მეორე ადგილზე მყოფი კომპანია Toyota-ს საბაზრო კაპიტალიზაცია 280 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ Tesla-ს ღირებულება 720 მილიარდი დოლარით ძვირადაა შეფასებული, ვიდრე იაპონური ავტოკონცერნის, რომელიც ყოველწლიურად თითქმის 10 მილიონ ავტომობილს აწარმოებს. 

შედარებისთვის, 2020 წელს Tesla-მ მხოლოდ 500 000 ერთეული ელექტრომობილის წარმოება მოახერხა, რაც კომპანიის ისტორიაში რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. 

ექსპერტთა ნაწილის შეფასებით, Tesla-ს აქციების ფასისა და, შესაბამისად, საბაზრო კაპიტალიზაციის უდიდესი ნაწილი არა კომპანიის რეალურ შესაძლებლობებზეა დამყარებული, არამედ მომავლის მოლოდინზე და ვარაუდზე, რომ ელექტრომობილების წარმოება და გაყიდვები მნიშვნელოვნად გაიზრდება, რასაც კომპანიის შემოსავლებისა და მოგების ზრდა მოჰყვება. 

შეგახსენებთ, რომ 2020 წელი პირველი ფისკალური წელი იყო Tesla-ს ისტორიაში, რომელიც ზარალით არ დასრულებულა. The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, გასულ წელს კომპანიამ $31.5 მილიარდი შემოსავალი მიიღო, აქედან მოგება მხოლოდ 721 მილიონ დოლარს შეადგენდა.

მოგებასა და კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციას შორის არსებული დისბალანსი ანალიტიკოსებში სკეპტიკურ დამოკიდებულებას იწვევს და მათი ნაწილის შეფასებით, Tesla მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე მეტად გადაფასებული კომპანიაა, ანუ მისი სპეკულაციური შეფასება ზედმეტად აჭარბებს კომპანიის ფუნდამენტურ ღირებულებასა და რეალურ მონაცემებს. 

 

კომენტარები