ტექნოლოგიური გიგანტები

TESLA-ს ღირებულებამ ტრილიონ დოლარს გადააჭარბა, ილონ მასკი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია

კომპანია Tesla-ს ხელმძღვანელი, ილონ მასკი
DW

ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია Tesla-ს საბაზრო კაპიტალიზაციამ ტრილიონ დოლარს გადააჭარბა და ის მსოფლიო რეიტინგში რიგით მეექვსე ყველაზე ძვირადღირებული კომპანია გახდა

საფონდო ბირჟაზე კომპანიის აქციების ფასის რეკორდულ ნიშნულამდე ზრდამ Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის ქონების თითქმის 40 მილიარდით ზრდა გამოიწვია. 

ამჟამინდელი მონაცემებით, მასკის ქონება 290 მილიარდ დოლარადაა შეფასებული და ის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს. 

Bloomberg-ის შეფასებით, მილიარდერების რეიტინგში მეორე ადგილზე Amazon-ის დამფუძნებელი, ჯეფ ბეზოსია, რომელიც მასკს თითქმის 100 მილიარდი დოლარით ჩამორჩება. 

უმსხვილესი კომპანიების რეიტინგში პირველ ადგილს ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი, Apple-ი იკავებს, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია 2.5 ტრილიონ დოლარს შეადგენს, მეორე ადგილზე $2.31 ტრილიონით Microsoft-ია, მესამეზე კი – ნავთობის მწარმოებელი Saudi Aramco, რომელიც $1.99 ტრილიონადაა შეფასებული. 

აღსანიშნავია, რომ ტრილიონიანი ნიშნულის მისაღწევად კომპანია Apple-ს 37 წელი დასჭირდა, Microsoft-ს – 33 წელი, Amazon-ს კი – 21 წელი. 

საფონდო ბირჟაზე კომპანია Tesla-ს აქციები 2010 წელს განთავსდა (IPO), ანუ ტრილიონიანი ნიშნულის მისაღწევად Tesla-ს თითქმის სამჯერ ნაკლები დრო დასჭირდა, ვიდრე Apple-სა და Microsoft-ს.  

ავტომწარმოებლების რეიტინგში მეორე ადგილზე მყოფი კომპანია Toyota-ს საბაზრო კაპიტალიზაცია 280 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ Tesla-ს ღირებულება 720 მილიარდი დოლარით ძვირადაა შეფასებული, ვიდრე იაპონური ავტოკონცერნის, რომელიც ყოველწლიურად თითქმის 10 მილიონ ავტომობილს აწარმოებს. 

შედარებისთვის, 2020 წელს Tesla-მ მხოლოდ 500 000 ერთეული ელექტრომობილის წარმოება მოახერხა, რაც კომპანიის ისტორიაში რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. 

ექსპერტთა ნაწილის შეფასებით, Tesla-ს აქციების ფასისა და, შესაბამისად, საბაზრო კაპიტალიზაციის უდიდესი ნაწილი არა კომპანიის რეალურ შესაძლებლობებზეა დამყარებული, არამედ მომავლის მოლოდინზე და ვარაუდზე, რომ ელექტრომობილების წარმოება და გაყიდვები მნიშვნელოვნად გაიზრდება, რასაც კომპანიის შემოსავლებისა და მოგების ზრდა მოჰყვება. 

შეგახსენებთ, რომ 2020 წელი პირველი ფისკალური წელი იყო Tesla-ს ისტორიაში, რომელიც ზარალით არ დასრულებულა. The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, გასულ წელს კომპანიამ $31.5 მილიარდი შემოსავალი მიიღო, აქედან მოგება მხოლოდ 721 მილიონ დოლარს შეადგენდა.

მოგებასა და კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციას შორის არსებული დისბალანსი ანალიტიკოსებში სკეპტიკურ დამოკიდებულებას იწვევს და მათი ნაწილის შეფასებით, Tesla მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე მეტად გადაფასებული კომპანიაა, ანუ მისი სპეკულაციური შეფასება ზედმეტად აჭარბებს კომპანიის ფუნდამენტურ ღირებულებასა და რეალურ მონაცემებს. 

მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების ათეული


 

კომენტარები