მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის ქონებამ ახალ რეკორდულ ნიშნულს, 335 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მაღალი ნომინალური მაჩვენებელია.
აღსანიშნავია, რომ ეკონომისტების ნაწილი ილონ მასკს მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე მდიდარ ადამიანად არ აღიარებს. მათი განმარტებით, ყველა დროის ყველაზე მდიდარი ბიზნესმენი ჯონ როკფელერი იყო.
აშშ-ს ყველაზე მასშტაბური ნავთობ-კომპანიის, Standard Oil-ის დამფუძნებლის ქონება ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) თითქმის 3%-ს შეადგენდა და ამჟამინდელი ვალუტის კურსისა და ინფლაციის გათვალისწინებით, ის 400-450 მილიარდ დოლარს აჭარბებდა.
როკფელერის ოჯახის ქონების ზუსტი შეფასება თითქმის შეუძლებელია და სავარაუდოა, რომ ის გაცილებით მეტს შეადგენდა, ვიდრე ეს საშემოსავლო სამსახურისთვის იყო ცნობილი.
აღსანიშნავია, რომ მილიარდერების რეიტინგი მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებულ დეკლარირებულ ქონებას ითვალისწინებს და საფუძვლიანია ვარაუდი, რომ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მდიდარი პიროვნება არათუ ბიზნესმენი, არამედ რომელიმე სახელმწიფოს მეთაური იყო/არის.
ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ კომპანია Tesla და SpaceX-ი სწრაფი ტემპით ზრდას განაგრძობენ და, სავარაუდოდ, მასკის ქონება როკფელერის რეკორდულ ნიშნულსაც გადააჭარბებს.
აშშ-ს ერთი-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ბანკის, Morgan Stanley-ს ანალიტიკოსების ვარაუდით, შესაძლოა, მასკი მსოფლიოს ისტორიაში პირველი ტრილიონერი (1 000 მლრდ) გახდეს.
მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში მეორე ადგილს ამჟამად კომპანია Amazon-ის დამფუძნებელი, ჯეფ ბეზოსი იკავებს და მისი ქონება 193 მილიარდ დოლარადაა შეფასებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მასკი ბეზოსს 100 მილიარდზე მეტით უსწრებს.
უკანასკნელ პერიოდში Tesla-ს აქციების რეკორდულ ნიშნულამდე ზრდა კომპანია Hertz-თან ხელშეკრულების გაფორმებას და 100 000 ელექტრომობილის შეკვეთას უკავშირდება.
აქციების ფასის ზრდის წყალობით, 2021 წლის ოქტომბერში Tesla-ს საბაზრო კაპიტალიზაციამ ტრილიონ დოლარს გადააჭარბა და ის მსოფლიო რეიტინგში რიგით მეექვსე ყველაზე ძვირადღირებული კომპანია გახდა.
ავტომწარმოებლების რეიტინგში მეორე ადგილზე მყოფი კომპანია Toyota-ს საბაზრო კაპიტალიზაცია 280 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ Tesla-ს ღირებულება 720 მილიარდი დოლარით ძვირადაა შეფასებული, ვიდრე იაპონური ავტოკონცერნის, რომელიც ყოველწლიურად თითქმის 10 მილიონ ავტომობილს აწარმოებს.
შედარებისთვის, 2020 წელს Tesla-მ მხოლოდ 500 000 ერთეული ელექტრომობილის წარმოება მოახერხა, რაც კომპანიის ისტორიაში რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.
ექსპერტთა ნაწილის შეფასებით, Tesla-ს აქციების ფასისა და, შესაბამისად, საბაზრო კაპიტალიზაციის უდიდესი ნაწილი არა კომპანიის რეალურ შესაძლებლობებზეა დამყარებული, არამედ მომავლის მოლოდინზე და ვარაუდზე, რომ ელექტრომობილების წარმოება და გაყიდვები მნიშვნელოვნად გაიზრდება, რასაც კომპანიის შემოსავლებისა და მოგების ზრდა მოჰყვება.
შეგახსენებთ, რომ 2020 წელი პირველი ფისკალური წელი იყო Tesla-ს ისტორიაში, რომელიც ზარალით არ დასრულებულა. The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, გასულ წელს კომპანიამ $31.5 მილიარდი შემოსავალი მიიღო, აქედან მოგება მხოლოდ 721 მილიონ დოლარს შეადგენდა.
მოგებასა და კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციას შორის არსებული დისბალანსი ანალიტიკოსებში სკეპტიკურ დამოკიდებულებას იწვევს და მათი ნაწილის შეფასებით, Tesla მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე მეტად გადაფასებული კომპანიაა, ანუ მისი სპეკულაციური შეფასება ზედმეტად აჭარბებს კომპანიის ფუნდამენტურ ღირებულებასა და რეალურ მონაცემებს.