მილიარდერების რეიტინგში Amazon-ის დამფუძნებელმა, ჯეფ ბეზოსმა წელს პირველი ადგილი კიდევ ერთხელ დაკარგა და მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი Tesla-სა და SpaceX-ის ხელმძღვანელი, ილონ მასკი გახდა.
Bloomberg-ის რეიტინგში მასკის ქონება 224 მილიარდ დოლარადაა შეფასებული, ბეზოსის კი – 189 მილიარდ დოლარად.
Forbes-ის მილიარდერების სიაში ბეზოსის ქონება ანალოგიურად, $189 მილიარდადაა შეფასებული, თუმცა მასკის ქონება თითქმის 20 მილიარდით ნაკლებად, $203.5 მილიარდად.
აღსანიშნავია, რომ 2021 წელს მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის სტატუსი არაერთხელ გაცვალეს ბეზოსმა, მასკმა და ფრანგმა ინვესტორმა, ბერნარ არნომ, რომელიც ჰოლდინგ LVMH-ის მფლობელია.
მილიარდერების რეიტინგში ცვლილება იმ კომპანიების წარმატებასა და აქციების ფასებზეა დამოკიდებული, რომელთაც თავად ეს პიროვნებები ფლობენ.
ბოლო ერთ თვეში Amazon-ის აქციების ფასი 6.1%-ით შემცირდა, რაც, თავის მხრივ, ნეგატიურად აისახა ბეზოსის ქონებასა და მის რეიტინგზე. შედარებისთვის, იმავე პერიოდში Tesla-ს აქციების ფასი 6.6%-ით გაიზარდა. საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე მომხდარმა ამ ცვლილებამ კი მილიარდერების სიაზე იქონია ზეგავლენა.
ბეზოსისა და მასკის ქიშპობა მხოლოდ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის წოდებისთვის არ შემოიფარგლება. ისინი ერთმანეთს კონკურენციას ტექნოლოგიურ და ინოვაციურ სფეროშიც უწევენ და ორივე მათგანი აქტიურად ცდილობს "კოსმოსურ რბოლაში" გამარჯვებას, რაც კოსმოსური მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრიაში ლიდერობის მოპოვებას გულისხმობს.
მილიარდერებს შორის კოსმოსურ კონკურენციაში მათი კომპანიები, SpaceX-ი და Blue Origin-ია ჩართული.
20 ივლისს ჯეფ ბეზოსი საკუთარი კომპანიის ხომალდით კოსმოსში გაფრინდა და ამით მსოფლიოს პირველი უმდიდრესი ადამიანი გახდა, რომელმაც დედამიწის ორბიტა დატოვა.
მსგავსი მიღწევა SpaceX-ის ხელმძღვანელს, ილონ მასკს ჯერაც არ აქვს, თუმცა, მისი თქმით, ისიც გეგმავს კოსმოსურ მოგზაურობას საკუთარი ხომალდით.
ჯეფ ბეზოსის კომპანიის, Blue Origin-ის სარჩელის გამო, NASA-მ ილონ მასკის კომპანია SpaceX-თან დადებული კონტრაქტი და სამუშაო პროცესი დროებით შეაჩერა.
აშშ-ს ფედერალურ სააპელაციო სასამართლოში სარჩელის შეტანის მიზეზი მთვარეზე ასტრონავტების გაგზავნის $3-მილიარდიანი კონტრაქტია, რომელშიც ბეზოსის მთავარი კონკურენტის, ილონ მასკის კომპანიამ გაიმარჯვა.
Blue Origin-ის წარმომადგენლების მტკიცებით, გამარჯვებულის შერჩევის პერიოდში NASA-მ დაარღვია სამართლიანი კონკურენციისა პრინციპები და SpaceX-ს მიანიჭა დაუმსახურებელი უპირატესობა, რაც ეწინააღმდეგება აშშ-ს კანონმდებლობას.
გარდა ამისა, ბეზოსის კომპანიაში განმარტავენ, რომ მთვარეზე გამგზავრების მისიაში მხოლოდ ერთი კომპანიის ჩართვით იზღუდება კონკურენტული ბაზარი, რაც NASA-ს ხარჯების ზრდას და პროექტის გაჭიანურებას გამოიწვევს, რადგან SpaceX-ს არ მოუწევს Blue Origin-ისა თუ სხვა კომპანიებისთვის კონკურენციის გაწევა.