მიხეილ სააკაშვილი

უკრაინის ომბუდსმენი: სააკაშვილზე საგარეოს განცხადების გამო, საქართველოს ელჩი არ შემხვდა

უკრაინის სახალხო დამცველი, ლიუდმილა დენისოვა

უკრაინული მედიის, Европейская правда-ს ცნობით, უკრაინის სახალხო დამცველმა, ლიუდმილა დენისოვამ თქვა, რომ დაპატიმრებულ მოშიმშილე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე უკრაინის საგარეო სამინისტროს მიერ გაკეთებული განცხადების გამო, საქართველოს ელჩმა უკრაინაში, გიორგი ზაქარაშვილმა მასთან დანიშნული შეხვედრა გააუქმა.

მედიის ცნობით, დენისოვამ ამის შესახებ სოციალურ ქსელ Telegram-ზე დაწერა. 

დენისოვას თქმით, ელჩმა მასთან შეხვედრაზე უარი "უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების პოლიტიკური კონტექსტის", ასევე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მომავალი საჭირო კონსულტაციების გამო თქვა.

უკრაინის სახალხო დამცველს სურს მიიღოს განმარტებები სააკაშვილის "სიცოცხლის, სამედიცინო დახმარებისა და საპროცესო უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით". ასევე, დაამატა, რომ მიხეილ სააკაშვილის გლდანის მე-18 ციხეში გადაყვანამ შექმნა სიტუაცია, რომელიც საფრთხეს უქმნის მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. 

ლიუდმილა დენისოვას თქმით, ამ ციხის საავადმყოფო ვერ აკმაყოფილებს ექიმთა კონსილიუმის რეკომენდაციებს და საჭირო აპარატურის არქონის გამო შეუძლებელი იქნება სააკაშვილის საჭირო სამედიცნიო დამხარებით უზრუნველყოფა. მისი თქმით, საჭიროა სააკაშვილი გადაიყვანონ ისეთ საავადმყოფოში, სადაც შეძლებენ მისთვის შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევას.


უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ეწერა:

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედგაცრუებულია უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის გლდანში, მეთვრამეტე პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანით და იმით, რომ უკრაინული მხარე ამის შესახებ ინფორმირებული არ იყო. 

მოვუწოდებ ქართულ მხარეს დაუყოვნებლივ გადაიყვანოს მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში, რომელსაც ექნება ყველა აუცილებელი შესაძლებლობა სამედიცინო და გადაუდებელი ზრუნვის აღმოჩენისთვის.

დღეს ამის შესახებ საქართველოს საგარეო პოლიტიკურ უწყებას გადაეცა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა.

უკრაინის მოქალაქე სააკაშვილის სამომავლო ყოფნა პენიტენციურ სამედიცინო დაწესებულებაში შექმნის დამატებით რისკსა და დაძაბულობას, რომელიც, შესაძლოა, აცილებული იქნას ჰუმანიტარული მოსაზრებით.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო და საელჩო აგრძელებს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული სიტაციის განსაკუთრებულ კონტროლს.

კომენტარები