მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ადვოკატი: სააკაშვილი 10-მდე ადამიანმა იძულებით, მიწაზე თრევით მოათავსა პალატაში

Georgian Journal

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის თქმით, სააკაშვილი გლდანის საპატიმროს კლინიკამდე 10-მდე ადამიანმა, "მიწაზე თრევის გზით", იძულებით მიიყვანა. ადვოკატმა ამის შესახებ გლდანის N18 პენიტენციურ დაწესებულებაში სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

"პრეზიდენტმა თანხმობა განაცხადა, გაჰყვა თავის ნებით, იმიტომ, რომ უთხრეს და მოატყუეს, კანონის ყველა ნორმის დარღვევით, ადამიანის კონსტიტუციური უფლებების დარღვევით, რომ მიჰყავდათ სამოქალქო კლინიკაში. ჩასვეს მანქანაში და მან მხოლოდ უკვე აქ მოსვლით გაიგო, სადაც იმყოფებოდა. მან, ბუნებრივია, უარი განაცხადა მანქანიდან გადმოსვლაზე, იმიტომ, რომ ეს არ იყო ის, რაზეც ის დათანხმდა. მას სრული უფლება აქვს, უარი თქვას სამედიცინო ჩარევაზე, რის შემდეგაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი იძულებით ათამდე სპეცრაზმელმა ან პენიტეციური სამსახურის თანამშრომელმა გადმოათრიეს ატეხილი, ორგანიზებული ხმაურის ფონზე პატიმრების მხრიდან, რომლებსაც წინასწარ მიაწოდეს ინფორმაცია საკუთარმა თანამზრახველებმა – ამჟამად, ხელისუფლებაში მყოფებმა, იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილი გადმოჰყავდათ. დაიწყეს მორალური შეტევა, ფსიქოლოგიური ზეწოლა მიხეილ სააკაშვილზე, რომელსაც, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არანაირი გავლენა არ ექნება არც მესამე პრეზიდენტზე და არც მისი ინტერესების დამცველებზე.

[...] მიხეილ სააკაშვილი 10-მდე ადამიანმა იძულებით, წელს ზემოთ ტანსაცმელშემოხეული მიწაზე თრევის გზით მიიყვანეს დაწესებულებამდე და იძულებით მოათავსეს პალატაში". – ამბობს ექსპრეზიდენტი ადვოკატი შოთა თუთბერიძე მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ. 

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში გუშინ, 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს.

კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდის გამოთქმიდან, რომ მისი შვილი ციხიდან გაყვანილია, ერთი საათის განმავლობაში არცერთი სახელმწიფო უწყება არ პასუხობდა კითხვას, სად არის მიხეილ სააკაშვილი. 

მოგვიანებით, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ექსპრეზიდენტმა გლდანის ციხეში შესვლისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს და დააზიანა ძვირადღირებული სამედიცინო აპარატურა. ამასთან დაკავშირებით გენერალურმა ინსპექციამ გამოძიება დაიწყო.

მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვდა, ასეთივე იყო იუსტიციის სამინისტროს მიერ შექმნილი კონსილიუმის ბოლო დასკვნაც. ექსპრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით რამდენიმე ადამიანს შიმშილობა აქვს გამოცხადებული, მათ შორისაა დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია, რომელიც უკვე 7 დღეა, მხოლოდ წყალსა და უშაქრო ყავას იღებს. 

ამასთან, თავისუფლების მოედანზე ოპოზიციის აქცია გაიმართა, რომლის მოთხოვნაც სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანაა. აქციამ მოგვიანებით მთავრობის სახლთან გადაინაცვლა.

24 ოქტომბერს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ გლდანის ციხის საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილისთვის საჭირო დახმარების აღმოჩენა შეუძლებელია. 5 ნოემბერს ომბუდსმენის აპარატმა N18 დაწესებულება კიდევ ერთხელ შეამოწმა და განაცხადა, რომ დადებითი ცვლილებების მიუხედავად, დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სრულად ისევ არ შეესაბამებოდა კონსილიუმის მიერ გაცემულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს.

კომენტარები