დაძაბულობა პოლონეთი-ბელარუსის საზღვარზე

პოლონეთს საზღვარზე მიგრანტების დიდი ჯგუფების შეკრების გამო ჯარი საბრძოლო მზადყოფნაში ჰყავს

სიტუაცია პოლონეთი-ბელარუსის საზღვარზე

პოლონეთი-ბელარუსის საზღვარზე გასულ დღეებში მიგრანტების დიდი ჯგუფების შეკრების გამო, ვარშავამ ჯარისკაცები საბრძოლო მზადყოფნაზე გადაიყვანა. პოლონეთის თავდაცვის სამინისტრო საზღვრის დაცვის დაცვის მზადყოფნას აცხადებს.

შაბათ-კვირას ბუზგი-კუზნიცის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან ასობით მიგრანტი შეიკრიბა. ეს, ჯერჯერობით, ბელარუსიდან შემომავალი ლტოლვილების ყველაზე დიდი ტალღა იყო, მას შემდეგ, რაც მინსკსა და მის დასავლელ მეზობლებს შორის მიგრანტების კრიზისი დაიწყო. 

მინსკი პოლონეთს მიგრანტების არაადამიანურად მოპყრობაში ადანაშაულებს. 

8 ნოემბერს პოლონეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა დრონით გადაღებული ვიდეოკადრები, რომლებშიც კუზნიცის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან შეკრებილი ასობით მიგრანტი ჩანს. 

კუზნიცის გამშვებ პუნქტთან შეკრებილი მიგრანტები. კადრი პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს ვიდეოდან

პოლონეთის თავდაცვის მინისტრის, მარიუშ ბლაშჩაკის თქმით საზღვარს 12 000-მდე ჯარისკაცი აკონტროლებს, რომლებიც საბრძოლო მზადყოფნაში არიან. 

8 ნოემბერს მიგრანტების დიდი ჯგუფი საზღვარზე გავლებული მავთულხლართების გადაჭრასა და მათი ხის მორებით დაზიანებას ცდილობდა. პოლონელმა მესაზღვრეებმა მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. 

პოლონეთის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, საზღვრებთან 3000-4000 მიგრანტი იყო შეკრებილი და ბელარუსში კიდევ 10 000-მდე ლტოლვილია, ვინც პოლონეთის საზღვრის გადაკვეთას გეგმავს.

მოვლენების პარალელურად, ბელარუსის საზღვარზე კონტროლი ლიტვაშიც გაამკაცრეს და დამატებითი ძალები გაგზავნეს. სიტუაციას საგანგაშო უწოდეს ლატვიაში.

ბალტიის ქვეყნები ბელარუსისთვის, მიგრანტების კრიზისის შექმნის გამო, უფრო მკაცრი სანქციების დაწესებას ითხოვენ.

ევროკავშირის წევრბს ბელარუსისთვის დამატებითი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა ევროკომისიის პრეზიდენტმაც, ურსულა ფონ დერ ლეიენმაც. 

ევროავშირს სურს სანქციები დაუწესოს იმ ავიაკომპანიებს, რომლებსაც მიგრანტები ახლო აღმოსავლეთიდან ბელარუსში გადაჰყავთ. 


ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყანა, რომელიც ბელარუსს ესაზღვრება, კერძოდ: პოლონეთი, ლიტვა და ლატვია საზღვრებს გამკაცრებულად აკონტროლებენ, რადგან მინსკი მათი მიმართულებით ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან მომავალ არალეგალურ მიგრანტებს გზავნის. მოკავშირე ქვეყნები ამას ბელარუსისა და რუსეთის ჰიბრიდული ომის ნაწილად მიიჩნევენ.

ბოლო პერიოდში ვითარება განსაკუთრებით მძიმეა ბელარუსისა და პოლონეთის საზღვარზე. რამდენიმე კვირის წინ, ვარშავამ ბელარუსის ძალები მათი სამხედროების მიმართ ფუჭი ვაზნების სროლაშიც კი დაადანაშაულა.

მიგრანტებმა საზღვრის გადაკვეთა რამდენჯერმე შტურმით სცადეს.

კომენტარები