დროა

ნინო გოგუაძე: დროა საგანგებო მდგომარეობაზე გადადის

ტაბულა

პარტია დროა საგანგებო მდგომარეობაზე გამოდის. ამის შესახებ პარლამენტთან გამართულ ბრიფინგზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნინო გოგუაძემ ისაუბრა.

პარტია ხელისუფლებას მოუწოდებს, გაითვალისწინოს ექიმების კონსილიუმის რეკომენდაცია და მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანოს მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში, რისი შესრულების მოთხოვნითაც მე-5 დღეა, შიმშილობს დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია. 

"მოგეხსენებათ, ქვეყანაში შექმნილია ურთულესი პოლიტიკური კრიზისი. საქართველოს მე-3 პრეზიდენტი პატიმრობაში უკვე 39-ე დღეა, შიმშილობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე იმდენადაა დამძიმებული, რომ ხელისუფლების მიერ შექმნილმა კონსილიუმმა ჯერ კიდევ 10 წლის წინ გასცა რეკომენდაცია მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შესახებ, მაგრამ ხელისუფლება ჯიუტად არ ასრულებს ამ რეკომენდაციას. პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, პატიმარი სააკაშვილის მდგომარეობა დღითიდღე კრიტიკული ხდება.

ამასთან ერთად, შიმშილობს დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია, იგი იღებს მხოლოდ წყალს, უარს ამბობს გადასხმაზე და არ იღებს არანაირ მედიკამენტს. ელენეს მოთხოვნა არის ერთადერთი, რომ ხელისუფლებამ გადადგას კანონიერი ნაბიჯი და სააკაშვილი გადაიყვანოს მრავალპროფილურ კლინიკაში, სადაც მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე იქნება დაცული. თუ ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდება, ელენე ხოშტარია შეწყვეტს შიმშილობას. ამასთან ერთად, ელენეს მიზანია, რომ ხელისუფლებამ გამოიჩინოს გონიერება და ამ ნაბიჯით საზოგადოება ააცილოს იმ უმწვავეს დაპირისპირებას, საითკენაც მივექანებით ისედაც უკიდურესად პოლარიზებულ მდგომარეობაში. 

რაც შეეხება დროას, ჩვენ გადავდივართ საგანგებო მდგომარეობაში, ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას ყველა არაძალადობრივ აქციაში, როგორც კოალიციის წევრები მივიღებთ მის მუშაობაში აქტიურ მონაწილეობას, დავგეგმავთ სხვადასხვა საპროტესტო აქციებსა და მოქმედებებსა და ასევე დროა ჩაატარებს ხშირად საკუთარ აქციებსაც. 

და ბოლოს, გვინდა, მივმართოთ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს, დროა, ხმა ამოიღოს, დაეხმაროს ექიმების რეკომენდაციების შესრულებას და გამოხატოს პირადი აზრი შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას პირადად დაეკისრება პასუხისმგებლობა იმ ცინიზმზე, რასაც ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება სჩადის". – თქვა ნინო გოგუაძემ. 


დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ შიმშილობა 3 ნოემბერს დაიწყო. ხოშტარიას თქმით, პარლამენტის შენობაში იქამდე იშიმშილებს, ვიდრე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ და მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კითხვები არ მოიხსნება. 

მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს და შეწყვეტაზე უარს ამბობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს

მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან შიმშილობს, თუმცა, იუსტიციის მინისტრის მტკიცებით, პატიმარი ფაფებს და ნატურალურ წვენებს იღებს. ამის დასადასტურებლად, პენიტენციურმა სამსახურმა გამოაქვეყნა ვიდეოები, სადაც ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი სამედიცინო დახმარების ოთახში მინერალების შემცველ პიურეებს იღებს. ეს კადრების გასაჯაროებამდე სახალხო დამცველის განცხადებაშიც ეწერა, კერძოდ,  ომბუდსმენის ცნობით, "30 ოქტომბრიდან სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსისა და დაწესებულების სამედიცინო პერსონალის თხოვნით, სამედიცინო დანიშნულებით, მცირე ოდენობით, იღებდა წვენებსა და მინერალური შემცველობის პიურეებს. ამ პროდუქტს მას თავად სამედიცინო პერსონალი აწვდიდა, რომელთა განმარტებით, აღნიშნული ვერ შეფასდება, როგორც საკვები და მცირე დოზით, თხევადი სახით მათი მიღება განპირობებულია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობით".

6 ნოემბრის დილით მიხეილ სააკაშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც წერს, რომ სპეკულაციების თავიდან ასარიდებლად, უარი თქვა არამხოლოდ წვენზე, არამედ, "მინერალზე, ვიტამინზე (გლუკოზის აბებზე), რაც ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციების შენარჩუნებას ემსახურებოდა".

კომენტარები