ჩოგბურთი

ეკატერინე გორგოძემ არგენტინაში მორიგი ტიტული მოიპოვა

Popsport

ეკატერინე გორგოძე და ირინა ბარა არგენტინაში გამართული ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ. 

ქართულ-რუმინულმა წყვილმა ფინალში არგენტინელი მარია კარლესა და ბერძენი დესპინა პაპამიხაილი ანგარიშით 2:1 დაამარცხა. Argentina Open რიგით მესამე ტურნირია, რომელზეც გორგოძემ და ბარამ გაიმარჯვეს. 1 ნოემბერს ჩოგბურთელებმა რუმინეთის ქალაქ კლუჟში ჩატარებულ ტურნირზე გაიმარჯვეს. სექტემბერში გერმანიაში გამართული ტურნირის ასევე მათი გამარჯვებით დასრულდა. 

29 წლის ქართველი ჩოგბურთელი ასევე ერთეულთა თანრიგშიც გამოდიოდა და ორი წრე დაძლია, თუმცა პირველ ნომრად განთესილ ეგვიპტელ მარია შერიფთან მეოთხედფინალში დამარცხდა.

წელს გორგოძემ პირადი რეკორდიც დაამყარა. კლუჟის ტურნირის საპრიზო ფონდი $235 238-ს შეადგენდა – ამ დონის ტურნირი ქართველმა ჩოგბურთელმა კარიერაში პირველად მოიგო.

ეკატერინე გორგოძე საქართველოს მოქმედი ნომერი ერთი ქალი ჩოგბურთელია. ამ დროისთვის WTA-ს რეიტინგში სპორტსმენი ერთეულთა თანრიგში 154-ე ადგილს იკავებს. წყვილთა თანრიგის რეიტინგში ის 69-ეა, რაც მისი კარიერის საუკეთესო შედეგია.

 

კომენტარები