კრიმინალი

ხობის მუნიციპალიტეტში პოლიციელის მკვლელობისთვის ინსპექტორ-გამომძიებელს ბრალი წაუყენეს

ტაბულა

ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭალადიდის პოლიციის განყოფილებაში პოლიციელის, უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის მკვლელობისთვის ამვე უბნის  ინსპექტორ-გამომძიებელს პროკურატურამ ბრალი წაუყენა.

უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა უფროს ინსპექტორ-გამომძიებელს სამსახურეობრივი იარაღით შელაპარაკების ნიადაგზე ესროლა. დაზიანებების შედეგად პოლიციელი ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს.

დაკავებულს ბრალდება სიხსლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, განზრახ მკვლელობისთვის წარედგინა. ბრალდება სასჯელის სახედ 7-იდან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

კომენტარები