მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა

"ცენტრალური საკითხია სააკაშვილის გადარჩენა" – ენმ 5 მარტს საპროტესტო აქციას გამართავს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში მკურნალობის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს იწყებს. გადაწყვეტილება ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს. პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცენტრალური საკითხი არის "მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა". 

"სახალხო დამცველის შექმნილი მედიკოსთა კონსილიუმი, ცენტრი ემპათია, უცხოელი ექიმები, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ერთხმად აღნიშნავენ, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა, რომელიც დღითიდღე მძიმდება, არ ექვემდებარება საქართველოში განკურნებას. აქედან გამომდინარე, ერთადერთი გზა მისი სიცოცხლის გადარჩენის არის შემდეგი - გადაიყვანონ ქვეყნის ფარგლებს გარეთ, უცხოურ კლინიკაში შესაბამისი მკურნალობის მისაღებად.

ძალიან დასანანია, რომ ამ ჰუმანიტარული საკითხის გამო გვიწევს პოლიტიკური ბრძოლა. იმ საკითხის, რომელიც ადამიანის, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის სიცოცხლეს ეხება. აქედან გამომდინარე, პარტიის ყველა აქტივობა დაუკავშირდება სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენას. ვიყავით ბრძოლაში და ვრჩებით ბრძოლაში მანამ, სანამ არ იქნება უზრუნველყოფილი მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა, რაც, მიმაჩნია, რომ არის არის პარტიის თითოეული წევრის, მხარდამჭერის, ამომრჩევლის მთავარი ცენტრალური საკითხი. 

ყოველდღიურად სხვადასხვა ფორმის და შინაარსის საპროტესტო აქტივობები სხვადასხვა ქალაქში გაიმართება. და 5 მარტს, 5 საათზე ქვეყნის მოსახლეობის იმ ნაწილს, ვინც თვლის, რომ ეს ისტორიული უსამართლობა უნდა დასრულდეს და ამ ბრძოლაში არიან, ველოდებით რუსთაველის გამზირზე" - თქვა მელიამ.

ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 21 თებერვალს უვადო შიმშილობის დაწყება გამოაცხადა.

კომენტარები