მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა

ლიზა იასკოსა და ნიკოლოზ ყიფშიძეს კვლავ არ უშვებენ მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად

ტაბულა

მიხეილ სააკაშვილის ცოლსა და უკრაინის რადას დეპუტატისთვის, ლიზა იასკოსთვის იუსტიციის სამინისტროს ექსპრეზიდენტთან შესვლის ნებართვა ამ დრომდე არ დაურთავს. შესვლის უფლებას არ აძლევენ არც მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმს, ნიკოლოზ ყიფშიძეს. 

ლიზა იასკოს თქმით, როგორც მისთვისაა ცნობილი, უკრაინის ხელისუფლებამ მიმართა იუსტიციის სამინისტროს, რადას დეპუტატისთვის მიხეილ სააკაშვილის მონახულების ნება დაერთოთ, თუმცა, ქართული უწყებისგან პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ. 

"პასუხი, რომელსაც ვიღებთ, არის ის, რომ პროცესშია ნებართვა. წინა შემთხვევების დროს, რუსთავში ამდენი პრობლემა არ მქონაი შესვლასთან დაკავშირებით. ახლა ვხედავ, რომ მის პირად ექიმსაც კი არ უშვებენ მასთან და პასუხი იგივეა, რომ პროცესი მიმდინარეობს, დოკუმენტები ჯერ მზად არ არის. ჩვენ არ გვაქვს საათები და დღეები, რადგან მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა". – ამბობს ლიზა იასკო. 

სააკაშვილის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე ამბობს, რომ ის ორი დღეა, რაც ექსპრეზიდენტის მოსანახულებლად შესვლას ცდილობს, თუმცა, პენიტენციური სამსახური მას უმეორებს, რომ მოიცადოს. 

"მე გუშინაც აქ ვიყავი, როგორც თქვენ იცით, დღესაც მთელი დღე აქ ვდგავარ და ჯერ არავითარი საშვი, არაფერი არ მოუციათ. გვეუბნებიან, მოიცადეთო, მაგრამ უკვე 7 საათია. არაფერი კითხვები არ აქვთ ჩემთან, მეუბნებიან, რომ მოვიცადო". – თქვა ნიკოლოზ ყიფშიძემ. 

კითხვაზე, შეძლებს, თუ არა მიხეილ სააკაშვილი ხვალ, 10 ნოემბერს სასამართლო სხდომაზე დასწრებას, როგროც ამას თავად სასამართლო ითხოვს, ნიკოლოზ ყიფშიძე პასუხობს, რომ საეჭვოა. 

"ძალიან რთული საკითხია. რაც ადვოკატებისგან მესმის, ვერ გეტყვით, არ ვარ დარწმუნებული, რომ შეძლებს. ადვოკატები ამბობენ, რომ ხელები უკანკალებს უკვე". – ამბობს ექიმი. 

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკვე მე-40 დღეა, შიმშილობს. 10 ნოემბერს, 13:00 საათზე მისი დაკავების შემდეგ პირველი სასამართლო სხდომა გაიმართება. 


მიხეილ სააკაშვილი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდის გამოთქმიდან, რომ მისი შვილი ციხიდან გაყვანილია, ერთი საათის განმავლობაში არცერთი სახელმწიფო უწყება არ პასუხობდა კითხვას, სად არის მიხეილ სააკაშვილი. 

მოგვიანებით სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ექსპრეზიდენტმა გლდანის ციხეში შესვლისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს და დააზიანა ძვირადღირებული სამედიცინო აპარატურა. ამასთან დაკავშირებით გენერალურმა ინსპექციამ გამოძიება დაიწყო.

მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვდა, ასეთივე იყო იუსტიციის სამინისტროს მიერ შექმნილი კონსილიუმის ბოლო დასკვნაც. ექსპრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით რამდენიმე ადამიანს შიმშილობა აქვს გამოცხადებული, მათ შორისაა დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია, რომელიც უკვე 7 დღეა, მხოლოდ წყალსა და უშაქრო ყავას იღებს და უარს ამბობს ნებისმიერ საკვებ დანამატსა, თუ გადასხმაზე. 

ამავე მოთხოვნით ოპოზიცია პერმანენტულ აქციებს მართავს. 

24 ოქტომბერს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ გლდანის ციხის საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილისთვის საჭირო დახმარების აღმოჩენა შეუძლებელია. 5 ნოემბერს ომბუდსმენის აპარატმა N18 დაწესებულება კიდევ ერთხელ შეამოწმა და განაცხადა, რომ დადებითი ცვლილებების მიუხედავად, დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სრულად ისევ არ შეესაბამებოდა კონსილიუმის მიერ გაცემულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს.

კომენტარები