მიხეილ სააკაშვილის დაკავება

სააკაშვილის ადვოკატი: მდგომარეობა კრიტიკულ ფაზაში შედის, არაპროფესიონალისთვისაც აღქმადია

unian.net

ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ბექა ბასილაია ამბობს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება და ეს "არაპროფესიონალების თვალითაც აღქმადია". 

"ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება და უკვე შევდივართ კრიტიკულ ფაზაში, მედიკოსები საკმაოდ ღრმად და კომპეტენტურად საუბრობენ, ჩვენ როდესაც ვხვდებით, ეს არის აღქმადი, არაპროფესიონალების თვალითაც. 

სახალხო დამცველის დასკვნა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ღარიბაშვილის და რატი ბრეგაძის განცხადებები იყო ბლეფი. როდესაც პრემიერი და იუსტიციის მინისტრი ამბობდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანდნენ გლდანში, არათუ მზად არ იყო მე-18 დაწესებულება, არამედ აღჭურვილობაც კი არ გააჩნდა და სამედიცინო პერსონალიც კი არ ჰყავდა ისეთი ტიპის პაციენტის მისაღებად, როგორიც მიხეილ სააკაშვილია". - ამბობს ბექა ბასილაია.  

სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ 4 ნოემბერს სააკაშვილის მიღებისთვის მე-18 სამკურნალო დაწესებულების მზაობა კიდევ ერთხელ შეამოწმა. ომბუდსმენის განცხადებაში წერია, რომ დადებითი ცვლილებების მიუხედავად, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით დაწესებულებაში არსებული ვითარება სრულად ისევ არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს. 

"კერძოდ, დაწესებულებაში არ ფუნქციონირებს კათეტერიზაციის ლაბორატორია და იგი არ არის აღჭურვილი მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატით. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის N18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაში, მას ვერ მიაწოდებენ კონსილიუმის დასკვნით განსაზღვრულ ყველა საჭირო სამედიცინო სერვისს". - წერია განცხადებაში. 

ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, უკვე 36-ე დღეა, რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს და შეწყვეტაზე უარს ამბობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.    

ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში მკურნალობას ციხის საავადმყოფოში არ გააგრძელებს, თუმცა, საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ასევე, იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე ამტკიცებენ, რომ ექსპრეზიდენტს მხოლოდ ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ და არა კერძოში. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის პენიტენციური სისტემის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა და განაცხადა, რომ დაწესებულებაში არსებული ვითარება, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე, არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით. მეორე მხრივ, იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძის თქმით, ექიმები ამბობენ, რომ ციხის საავადმყოფო სრულად გამართულია მიხეილ სააკაშვილის მისაღებად. 

დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ 3 ნოემბერს პარლამენტში შიმშილობა დაიწყო. ხოშტარია მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვს. სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციები იმართება რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან. 

კომენტარები