მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ხოშტარია: რაც სააკაშვილის გარშემო ხდება, ეს არის სადისტური და ცინიკური შურისძიება

"იცით, რომ მე არ წარმოვადგენ მიხეილ სააკაშვილის პარტიას, არ ვარ მისი ამომრჩეველი. უფრო მეტსაც ვიტყვი, არაერთხელ გამომითქვამს პრეტენზიები მის მიმართ. მაგრამ რაც დღეს ხდება, მისი პატიმრობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გარშემო, ეს არის სადისტური და ცინიკური შურისძიება საქართველოს მოქალაქისა და მესამე პრეზიდენტის მიმართ". - ამბობს მოძრაობა დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია, რომელმაც სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობა დაიწყო

"ეს არ ეხება მხოლოდ ერთ პატიმარს. ეს არის სახელმწიფოებრივი ინტერესებისა და სახელმწიფოებრივი მშვიდობის საკითხი. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის კითხვის ნიშნის ქვეშ ყოფნა, ერთი პროცენტითაც კი, აბსოლუტურად დაუშვებელია. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე, რომ აქ პარლამენტის შენობაში, ინსტიტუტში, რომელიც, ჩემი აზრით, არ არსებობს და რომელშიც მე არ შემოვსულვარ და არ ვაღიარებ. აი, ამ შენობაში დავიწყო შიმშილობა. ერთადერთი რასაც მივიღებ, არის წყალი.

ჩემი მთავარი მოთხოვნა არის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა იმიტომ, რომ სხვა ყველა შემთხვევაში მისი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკები არის დიდი. როდესაც ექიმები და ის თავად იტყვიან, რომ მის ჯანმრთელობას არ ემუქრება საფრთხე, მაშინ მე შევწყვეტ შიმშილობას. თქვენ ალბათ ადევნებთ თვალყურს ჩვენი კოალიციური ერთობის განცხადებებსა და მოქმედებებს. ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას და არ ვაპირებთ უკან დახევას. ჩემი ბრძოლის მეთოდი კი ასეთია". - ამბობს ხოშტარია. 

ხოშტარიას თქმით, ერთადერთი რამ, რასაც ის შიმშილობის პერიოდში მიიღებს, წყალი იქნება.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, უკვე 34-ე დღეა რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს და შეწყვეტაზე უარს ამბობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.   

ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში მკურნალობას ციხის საავადმყოფოში არ გააგრძელებს, თუმცა, საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ასევე, იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე ამტკიცებენ, რომ ექსპრეზიდენტს მხოლოდ ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ და არა კერძოში. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის პენიტენციური სისტემის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა და განაცხადა, რომ დაწესებულებაში არსებული ვითარება, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე, არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით. მეორე მხრივ, იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძის თქმით, ექიმები ამბობენ, რომ ციხის საავადმყოფო სრულად გამართულია მიხეილ სააკაშვილის მისაღებად.

კომენტარები