მიხეილ სააკაშვილის დაკავება

სააკაშვილის ექიმი: დღეს ცოტათი უფრო სუსტად იყო, ვიდრე გუშინ, ყველანაირი ტესტი გაუკეთდება

ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მისმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ მოინახულა - მისი ინფორმაციით, დღეს, 2 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი "ცოტათი უფრო სუსტად იყო", ვიდრე გუშინ.

"დღეს ცოტათი უფრო სუსტად იყო, ვიდრე გუშინ, ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ ხვალ გაუკეთდება ტესტები, რომელზეც ჯერ უარი იყო, მაგრამ შემდეგ დათანხმდა. ყველანაირი ტესტი გაუკეთდება, რაც ადრე კეთდებოდა, ყველაფერს გავიმეორებთ. დათანხმდა ექიმებთან ურთიერთობას.  

დასუსტებული იყო, წნევის თამაში იყო, პულსი ჰქონდა სხვადასხვანაირი დღის განმავლობაში, კიდევ სხვა [პრობლემები] მე მოვითხოვ ჰოსპიტალიზაციას, მაგრამ ახლა ორი კონსილიუმი გადაწყვეტს. ციხის ექიმებთან ერთად ძალიან ვთხოვეთ პრეზიდენტს, რომ თუ შეიძლება, კიდევ ერთი ტესტი გავაკეთოთ, იმიტომ, რომ არ მოგვწონს მდგომარეობა, რაზეც დათანხმდა. [...] ტესტების გაკეთება უკვე ძალიან კარგია ჩვენთვის". - ამბობს ის.  

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, უკვე 33-ე დღეა რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს და შეწყვეტაზე უარს ამბობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.   

ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში მკურნალობას ციხის საავადმყოფოში არ გააგრძელებს, თუმცა, საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ასევე, იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე ამტკიცებენ, რომ ექსპრეზიდენტს მხოლოდ ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ და არა კერძოში. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის პენიტენციური სისტემის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა და განაცხადა, რომ დაწესებულებაში არსებული ვითარება, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე, არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით. მეორე მხრივ, იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძის თქმით, ექიმები ამბობენ, რომ ციხის საავადმყოფო სრულად გამართულია მიხეილ სააკაშვილის მისაღებად.

კომენტარები