მიხეილ სააკაშვილის დაკავება

სუს: სოციალურ ქსელში ვრცელდება დანაშაულის ნიშნების შემცველი მოწოდებები რევოლუციისკენ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს. სუს-ის თქმით, მიმდინარეობს გამოძიება სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით.

"ბოლო დროს სოციალურ ქსელებსა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში
სხვადასხვა პირის მიერ ვრცელდება დანაშაულის ნიშნების შემცველი შინაარსის საჯარო
განცხადებები და მოქალაქეები განზრახ თუ გაუცნობიერებლად პირდაპირ მოუწოდებენ
თანამოაზრეებს რევოლუციისა და ხელისუფლების დამხობისკენ, მათ შორის
ძალადობრივი გზებით". – წერია განცხადებაში

სუს-ის თქმით, მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, ან/და ასეთი მოწოდების შემცველი მასალის გავრცელება, აგრეთვე ამავე მიზნით შეიარაღებისაკენ მოწოდება, წარმოადგენს დანაშაულებრივ ქმედებას, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლით და ისჯება 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

"Ⴑახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, თავისი კომპეტენციის ფარგლებში,
განახორციელებს კანონით გათვალისწინებულ ყველა სამართლებრივ ღონისძიებას,
საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დასაცავად და სახელმწიფო
ხელისუფლების არაკონსტიტუციური, ძალადობრივი გზით შეცვლის თავიდან
ასაცილებლად. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ დესტრუქციულ ძალებს თავი შეიკავონ დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენისგან და დარჩნენ სამართლებრივ ჩარჩოებში". – წერია განცხადებაში

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, უკვე 34-ე დღეა რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის პენიტენციური სისტემის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა და განაცხადა, რომ დაწესებულებაში არსებული ვითარება, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით. მეორე მხრივ, იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძის თქმით, ექიმები ამბობენ, რომ ციხის საავადმყოფო სრულად გამართულია მიხეილ სააკაშვილის მისაღებად. მმართველი პარტიის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში მხოლოდ ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ. 

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას თქმით, ციხის საავადმყოფო ექსპრეზიდენტის უსაფრთხოების მინიმალურ გარანტიასაც არ უზურნველყოფს და, მისი ინფორმაციით, იქნება ე.წ იმიტირებული ბუნტი, რომელიც დასრულდება სააკაშვილის ლიკვიდაციით.  

კომენტარები