მიხეილ სააკაშვილის დაკავება

მდინარაძე: სააკაშვილზე ვერასდროს ვილაპარაკებ პატივისცემით

მამუკა მდინარაძე
ტაბულა

"მიხეილ სააკაშვილზე ვერასდროს ვერ ვილაპარაკებ პატივისცემით". - ასე პასუხობს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ტაბულას კითხვას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე. ტაბულამ მდინარაძეს ჰკითხა, რამდენად მისაღები ჰგონია ქართული კულტურისთვის პატიმარზე იმ ლექსიკით საუბარი, როგორითაც მისი თანაგუნდელები საუბრობენ დაკავებულ ექსპრეზიდენტზე.

კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მიხეილ სააკაშვილზე ირონიული განცხადებები გააკეთა, ასევე, თავად მდინარაძემ თქვა, რომ "მოშიმშილე ადამიანი 40 დღე ძლებს, 41-ე დღეს სასაცილო მდგომარეობა იქნება". ტაბულა დაინტერესდა, რა იქნება სასცილო 41-ე დღეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაში. 

"ტაბულა, არ გამიკვირდა. მადლობა კითხვისთვის, რომ სიტყვა-სიტყვით შემახსენეთ. ამას ვსაყვედურობდი წეღან, როდესაც მორალურ ფსკერზე ვსაუბრობდი. დიდი მადლობა, რომ შემახსენეთ ჩემი ეს სიტყვები. სასაცილო მდგომარეობაზე ვსაუბრობდი, რომ მე დარწმუნებული ვარ, ეს ადამიანი დიდი ხანიც იცოცხლებს და კარგადაც იქნება, ასეც უნდა იყოს. მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს არაფერი დაემუქრება. სხვა შემთხვევაში, არც ვიფიქრებდი მსგავსი დაშვების და მსგავსი სიტყვების თქმას. ეს ადამიანი ჯანმრთელადაც იქნება, კარგადაც იქნება, მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული და ამის საფუძველს, მათ შორის, ისიც მაძლევს, რომ ის დღეს კარგად არის. 

სასაცილო მდგომარეობა იქნება ის, რომ კიდევ ჯანმრთელად და კარგად იქნება. 40 დღე ადამიანი რომ იშიმშილებს და კიდევ კარგად იქნება, ესეიგი, სხვა რაღაცაშია საქმე. სხვა რამეზე კი არ მილაპარაკია, ცუდ შედეგებზე, როგორც ეს TV1-მა დამაბრალა, არამედ, ვსაუბრობდი მის ჯანმრთელობის კარგ მდგოამრეობაზე, ამათ პირიქით თქვეს, ეს არის მთელი პარადოქსი". - ამბობს ის. 

მიუხედავად იმისა, რომ ტაბულას კითხვაში არ იყო პატივისცემისკენ მოწოდება, არამედ კითხვა აქცენტს სვამდა პატიმარზე ლექსიკისა და ქართული კულტურის შესაბამისობაზე, მდინარაძე ამბობს, რომ "დამნაშავეებსა და კრიმინალზე" პატივისცემით საუბარი "არ გამოვა". 

"რაც შეეხება ლექსიკას, მეორე მხრიდან მოდის ზიზღის, სიძულვილის ენა, ტყუილები, ამორალური ფეიკები და თქვენ ჩვენ გვეკითხებით, რომ სიყვარულით ვილაპარაკოთ 2012 წლამდე იმ ჯალათური რეჟიმის შემოქმედებზე? სისხლის სამართლის დამნაშავეებსა და კრიმინალზე ვილაპარაკოთ პატივისცემით? ამ ტრენდის დამკვიდრება გინდათ? ადამიანები კვდებოდნენ მათი შეკვეთით, ქალებსა და მამაკაცებს აუპატიურებდნენ მათი შეკვეთით. ეს კადრები ხომ ყველას ნანახი გვაქვს? ახლა თქვენ გვაიძულებთ და მოგვიწოდებთ, რომ პატივისცემით ველაპარაკოთ ამ ყველაფრის ავტორებს? ეს ასე არ გამოვა. მაგრამ, ვილაპარაკებთ სიმართლეს და, ძალიან გთხოვთ, ნუ იკადრებთ და პირიქით ნუ შეატრიალებთ და ტყუილებს ნუ დაგვაბრალებს. მიხეილ სააკაშვილზე ვერასდროს ვერ ვილაპარაკებ პატივისცემით". - ამბობს მამუკა მდინარაძე.  

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, უკვე 34-ე დღეა რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს და შეწყვეტაზე უარს ამბობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.   

ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში მკურნალობას ციხის საავადმყოფოში არ გააგრძელებს, თუმცა, საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ასევე, იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე ამტკიცებენ, რომ ექსპრეზიდენტს მხოლოდ ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ და არა კერძოში. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის პენიტენციური სისტემის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა და განაცხადა, რომ დაწესებულებაში არსებული ვითარება, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე, არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით. მეორე მხრივ, იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძის თქმით, ექიმები ამბობენ, რომ ციხის საავადმყოფო სრულად გამართულია მიხეილ სააკაშვილის მისაღებად.

კომენტარები