დეგნანი: ვაგრძელებთ საქართველოს მთავრობისთვის მოწოდებას, მოექცეს სააკაშვილს სამართლიანად

კელი დეგნანი
US Embassy Tbilisi, Georgia

აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანის თქმით, აშშ ყურადღებით აკვირდება ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშილის ჯანრმთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ პროცესებს.

"პირველ რიგში გეტყვით, რომ შეწუხებული ვართ პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობით, ყურადღებით ვაკვირდებით ამ პროცესებს როგორც აქ, ასევე – ვაშინგტონში. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ მას ჰქონდეს შესაბამისი ზრუნვა და კარგი სამედიცინო დახმარება. მე არ ვარ ევროპული სამართლის ექსპერტი, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს მთავრობისთვის მოწოდებას, რომ მოექცნენ სააკაშვილს სამართლიანად, მიუკერძოებლად და ქართული კანონმდებლობის შესაბამისად, ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად." – თქვა დეგნანმა.

ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა განსაკუთრებით არის დაინტერესებული სააკაშილის მდგომარეობით, რადგან ის უკრაინის მოქალაქეა. ასევე დეგნანმა მოუწოდა ექიმებს, ყურადღებით დააკვირდნენ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და აღმოუჩინონ შესაბამისი სამედიცინო დახმარება.


საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, უკვე 30-ე დღეა რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.  

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის პენიტენციური სისტემის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა და განაცხადა, რომ დაწესებულებაში არსებული ვითარება, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით. მეორე მხრივ, იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძის თქმით, ექიმები ამბობენ, რომ ციხის საავადმყოფო სრულად გამართულია მიხეილ სააკაშვილის მისაღებად.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას თქმით, ციხის საავადმყოფო მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების მინიმალურ გარანტიასაც არ უზურნველყოფს და მისი ინფორმაციით, იქნება ე.წ იმიტირებული ბუნტი, რომელიც დასრულდება სააკაშვილის ლიკვიდაციით.

კომენტარები