მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ადვოკატი: კომუნიკაციის პრობლემა მოგვარდა, სააკაშვილი ექიმებთან კონსულტაციას განაგრძობს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი განაგრძობს მედიკოსებთან კონსულტაციებსა და ანალიზების ჩაბარებას, რადგან მის მნახველებთან კომუნიკაციის პრობლემა მოგვარდა.

"გუშინ შექმნილი პრობლემა კომუნიკაციასთან დაკავშირებით, როდესაც ბარიერი ამოგვიშენეს ბოლომდე და არ გვქონდა წერილების გაცვლის შესაძლებლობა და შესაბამისად, იმ ფორმით კომუნიკაცია მიხეილ სააკაშვილთან, რაც გამორიცხავდა ჩვენი საუბრის ჩაწერას სუს-ის მხრიდან, ეს პრობლემა მოგვარდა და დღეს უკვე მოგვეცა მასთან ისეთი ფორმით კომუნიკაციის შესაძლებლობა, რაც ყველა რისკს გამორიცხავდა ამ მიმართულებით. სწორედ ამიტომ, მიხეილ სააკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეეწყვიტა ანალიზების ჩაბარებაზე უარის თქმა, ასევე გააგრძელოს მედიკოსებთან კონსულტაციას და კონსილიუმის წევრებთან", - თქვა საძაგლიშვილმა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი გააგრძელებს შიმშილობას ისე, როგორც ამას 27 ოქტომბრამდე აკეთებდა.

გუშინ, 27 ოქტომბერს, საქართელოს ყოფილმა პრეზიდენტმა წერილის საშუალებით ამცნო საზოგადოებას, რომ შიმშილობასთან დაკავშირებულ მკურნალობაზე უარს ამბობს, რადგან შეხვედრების ოთახში შუშის კედელი ბოლომდე ამოაშენეს.

დღეს, 28 ოქტომბერს, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც წერია, რომ სააკაშვილი და მისი ადვოკატები პერმანენტულად არღვევდნენ დადგენილ რეგულაციებს, რის გამოც შესახვედრ ოთახში განახლდა მინის ბარიერი.


საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, უკვე 27-ე დღეა რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის პენიტენციური სისტემის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა და განაცხადა, რომ დაწესებულებაში არსებული ვითარება, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით. მეორე მხრივ, იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძის თქმით, ექიმები ამბობენ, რომ ციხის საავადმყოფო სრულად გამართულია მიხეილ სააკაშვილის მისაღებად. მმართველი პარტია ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში მხოლოდ ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ. 

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას თქმით, ციხის საავადმყოფო ექსპრეზიდენტის უსაფრთხოების მინიმალურ გარანტიასაც არ უზურნველყოფს და, მისი ინფორმაციით, იქნება ე.წ იმიტირებული ბუნტი, რომელიც დასრულდება სააკაშვილის ლიკვიდაციით.  

კომენტარები