მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ქართველ ექიმთა ასოციაცია: მოვითხოვთ, სააკაშვილის გადაყვანას მრავალპროფილურ საავადმყოფოში

ქართველ ექიმთა საერთაშორისო ასოციაცია საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასა და შიმშილობას ეხმაურება და აცხადებს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მართვის პროცესში აუცილებელია კარდიოლოგების, ნევროპათოლოგების, ჰეპატოლოგების და სხვა სპეციალისტების სამედიცინო ჩარევა.

მათივე განცხადებით, ქვეყანაში რამდენიმე საავადმყოფოა, სადაც შესაძლებელია სააკაშვილს აღმოუჩინონ სამედიცინო დახმარება. ასოციაციის ინფორმაციით, მხოლოდ გასულ წელს პენიტენციალური დაწესებულებიდან მულტიპროფილურ სამოქალაქო საავადმყოფოში 585 პირი გადაიყვანეს – რაც ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის შემთხვევა არ იქნება პრეცენდენტი და არ შეეწინააღმდეგება ზოგად სამართლებრივ ნორმებს.

ქართველ ექიმთა საერთაშორისო ასოციაციის განცხადება:

ქართველ ექიმთა საერთაშორისო ასოციაციის მმართველი საბჭოს საგანგებო განცხადება

ქართველ ექიმთა საერთაშორისო ასოციაცია ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტის - მიხეილ სააკაშვილის პატიმრობისა და შიმშილობის ფაქტს.

ჩვენი მიზანია საზოგადოებას გავაცნოთ ის სამედიცინო რისკები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის ამჟამინდელ მდგომარეობას უკავშირდება.

დღევანდელი მოცემულობით, მ.სააკაშვილის პროტესტის ექსტრემალურ ფორმის - შიმშილობის 27-ე დღეა. მისი პირადი ექიმის ინფორმაციით, მ.სააკაშვილს ანამნეზში აღენიშნება სისხლმბადი სისტემის თანდაყოლილი დაავადება - თალასემია (საშუალო სიმძიმის) და ღვიძლის თანდაყოლილი პათოლოგია - ჟილბერის სინდრომი (Gilbert’s syndrome)

სამედიცინო რისკების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია შემდეგის გათვალისწინება:

  1. შიმშილობით გამოწვეული მჟავე-ტუტოვანი ბალანსის დარღვევა და გულ-სისხლძრღვთა სისტემის დისფუნქცია, გლუკოზის დეფიციტით გამოწვეული პრობლემები, ვიტამინი B1 დეფიციტით გამოწვეული ნევროლოგიური ცვლილებები და სხვა.
  2. სტრესით გამოწვეული საშუალო სიმძიმის თალასემიის გადაზრდა თალასემიის მძიმე ფორმაში, რაც სპეციალიზირებულ ჰემატოლოგიურ მართვას საჭიროებს.
  3. ჟილბერის სინდრომის გამწვავების შედეგად გამოწვეული ჰიპერბილირუბინემია და მასთან დაკავშირებული ჰემოლიზი (სისხლის წითელი უჯრედების დაშლა)

ეს არის იმ შესაძლო მულტიორგანული გართულებების მოკლე ჩამონათვალი, რაც შეიძლება განუვითარდეს საქართველოს მესამე პრეზიდენტს.

მულტიორგანულ გართულებებს კი მულტირპოფილური მართვა ესაჭიროება. მართვის პროცესში აუცილებელია კარდიოლოგების, ნევროპათოლოგების, ჰეპატოლოგების, ენდოკრინოლოგების, ჰემატოლოგების, ინტენსიური თერაპიის სპეციალისტების, რეანემატოლოგების ჩართულობა და შესაბამის ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ გამოკვლევებზე ხელმისაწვდომობა.

საქართველოში რამდენიმე მრავალპროფილური საავადმყოფოა, რომლებიც დაკომპლექტებულია სხვადასხვა პროფილის ექიმებით და სადაც შესაძლებელია მაღალტექნოლოგიური გამოკვლევები (კომპიუტერული ტომოგრაფია, ანგიოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა, ენდოსკოპიური გამოკვლევა), ინვაზიური რადიოლოგიური ჩარევები და ფართო სპექტრის ლაბორატორიული გამოკვლევები.

ჩენი ინფორმაციით, მხოლოდ გასულ წელს პენიტენციალური დაწესებულებიდან მულტიპროფილურ სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანილია 585, რაც ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის შემთხვევა არ იქნება პრეცენდენტი და არ შეეწინააღმდეგება ზოგად სამართლებრივ ნორმებს.

ხაზს ვუსვმათ, რომ ჩვენი განცხადება მოკლებულია ყოველგვარ პოლიტიკურ კონიუნქტურას, ეფუძნება პროფესიულ, ჰუმანურ და გლობალურ რეპუტაციულ პრინციპებს; სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენი მოთხოვნაა, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იქნას მრავალპროფილურ საავადმყოფოში, სადაც საჭიროების შემთხვევაში გაეწევა ნებისმიერი პროფილის, დროული და კვალიფიციური სამედიცინო დახმარება და ამით დაცული იქნება მისი სიცოცხლის უფლება.

ასოციაციის მმართველი საბჭო

  • სოფიო ბერიძე
  • რევაზ ბოჭორიშვილი
  • მაია ბუწაშვილი
  • ზურაბ გურული
  • ნინო ისაკაძე
  • გიორგი კავკასიძე
  • ვახტანგ კალოიანი
  • გიორგი კამკამიძე
  • ბიძინა კულუმბეკოვი
  • არჩილ მარშანია
  • მამუკა მაჩაიძე
  • დავით მრელაშვილი
  • ანი ქავთარაძე
  • ვლადიმერ ჩაჩანიძე
  • გრიგოლ ხურციძე

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, უკვე 27-ე დღეა რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის პენიტენციური სისტემის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა და განაცხადა, რომ დაწესებულებაში არსებული ვითარება, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით. მეორე მხრივ, იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძის თქმით, ექიმები ამბობენ, რომ ციხის საავადმყოფო სრულად გამართულია მიხეილ სააკაშვილის მისაღებად. მმართველი პარტია ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში მხოლოდ ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ. 

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას თქმით, ციხის საავადმყოფო ექსპრეზიდენტის უსაფრთხოების მინიმალურ გარანტიასაც არ უზურნველყოფს და, მისი ინფორმაციით, იქნება ე.წ იმიტირებული ბუნტი, რომელიც დასრულდება სააკაშვილის ლიკვიდაციით.  

კომენტარები