მიხეილ სააკაშვილის დაკავება

საძაგლიშვილი: გარემოებები მიუთითებს, რომ ხელისუფლებას აქვს სააკაშვილის მკვლელობის გეგმა

დიმიტრი საძაგლიშვილი
IPN

"გარემოებები მიუთითებს იმას, რომ ხელისუფლებას აქვს სააკაშვილის მკვლელობის გეგმა".- ამბობს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი. მისივე თქმით, სააკაშვილი ვლადიმირ პუტინის პატიმარია და ქართული ოცნება რუსეთის დავალებებს ასრულებს. 

"ხაზი მინდა გავუსვა იმ გარემოებას, რომ დაწყებული ჰოსპიტალიზაცასთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემებით, გაგრძელებული ასეთი წვრილმანი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი და შინაარსობრივი პრობლემების შექმნით, როგორიც არის, კომუნიკაციის საშუალების წართმევა პრეზიდენტ სააკაშვილისთვის, რეალურად, ეს გარემოებები მიუთითებს იმას, რომ ხელისუფლებას აქვს სააკაშვილის მკვლელობის გეგმა. მოგეხსენებათ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ვლადიმერ პუტინის პირადი პატიმარი და შესაბამისად, ქართული ოცნება ასრულებს რუსულ დავალებებს, მისი ჯანმრთელობისა და სიცოცხლესთან დაკავშირებით".- ამბობს საძაგლიშვილი. 

ადვოკატმა სააკაშვილის მორიგი წერილი წაიკითხა, სადაც ის აცხადებს, რომ შიმშილობასთან დაკავშირებულ მკურნალობაზე უარს აცხადებს. 

დიმიტრი საძაგლიშვილის ინფორმაციით, შეხვედრის ოთახში უწყებამ ადვოკატებსა და სააკაშვილს შორის შუშის ბარიერი მთლიანად ამოაშენა. 


საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, უკვე 27-ე დღეა რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის პენიტენციური სისტემის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა და განაცხადა, რომ დაწესებულებაში არსებული ვითარება, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით. მეორე მხრივ, იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძის თქმით, ექიმები ამბობენ, რომ ციხის საავადმყოფო სრულად გამართულია მიხეილ სააკაშვილის მისაღებად. მმართველი პარტია ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში მხოლოდ ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ. 

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას თქმით, ციხის საავადმყოფო ექსპრეზიდენტის უსაფრთხოების მინიმალურ გარანტიასაც არ უზურნველყოფს და, მისი ინფორმაციით, იქნება ე.წ იმიტირებული ბუნტი, რომელიც დასრულდება სააკაშვილის ლიკვიდაციით.  

კომენტარები