არჩევნები 2020

მდინარაძე საოლქო კომისიებთან აქციაზე: ვინც ამბობს, რომ შესვლის უფლება აქვს, იტყუება

ტაბულა

ქართული ოცნების წევრი მამუკა მდინარაძე საოლქო კომისიებთან ოპოზიციის წევრებისა და აქტივისტების აქციებს ეხმაურება. მდინარაძის თქმით, ის ადამიანები, ვინც ამბობენ, რომ კომისიის სხდომაში მონაწილეობის უფლება აქვთ, "ცალსახად იტყუებიან." 

მდინარაძე ამბობს, კანონი არ ითვალისწინებს, რომ კომისიის სხდომაში მონაწილეობა კანდიდატმა მიიღოს. მისივე თქმით, კანონი მხოლოდ პარტიის წარმომადგენლის მონაწილეობას ითვალისწინებს და ის არ შეიძლება, რომ კანდიდატი იყოს.  

"მე მესმის, რომ მათ უნდათ მუხტის შექმნა და სხვა თემები გვერდით გადაწიეს, მაგრამ არ უნდა გამოგვრჩეს ერთი მთავარი თემა - კორონავირუსი არის გამოწვევა, რომელიც ძალიან მძაფრად არის ჩვენს წინაშე. რა რეკომენდაციებზეა საუბარი, როდესაც ისინი აბსოლუტურად არიან გასული წითელ ხაზებს, მაგრამ ელემენტარული რეკომენდაციების დაცვაც კი არ მიდის. 

შეიძლება, ცოტა ირონიულადაც კი ჟღერდეს, მაგრამ ეს მაინც მოვუწოდო, რომ ჟურნალისტებს გაუფრთხილდნენ, პოლიციელს გაუფრთხილდნენ, თავიანთ მომხრეებსა და აქტივისტებს გაუფრთხილდნენ, რომლებიც იქ მიიყვანეს, ამ დესტრუქციაში მონაწილეობის მისაღებად და დაიცვან ელემენტარული რეკომენდაციები, რომ ასე თავისუფლად არ მოხდეს ვირუსის გავრცელება". – ამბობს მდინარაძე გამართულ ბრიფინგზე. 

მამუკა მდინარაძე ამტკიცებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საბურთალოზე ბიულეტენები გადაითვლება, შესაძლოა, მათში ციფრები ქართული ოცნების საზიანოდ აღმოჩნდეს შეტანილი.

"ისინი მიდიან იმ მოქმედების საწინააღმდეგოდ, რა მოქმედებაც თავად მოითხოვეს და, დარწმუნებული ვარ, ეს არის ერთადერთი მიზეზით გამოწვეული - მაგალითად, საბურთალოზე, სადაც, შეიძლება, გადაითვალოს, არ ვიცი, კომისია რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ისინი დარწმუნდებიან, რომ იგივე რეალობაა. უფრო მეტიც, შეიძლება, ქართული ოცნების საზიანოდ აღმოჩნდეს იქ გარკვეული პუნქტები, შეცდომით გარკვეული ციფრები შეტანილი. ეს მოხდა სამგორში, როდესაც ოქმი შემოწმდა, აღმოჩნდა, რომ ქართულ ოცნებას ეწერა 200 ხმით ნაკლები. ამ რეალობის წინაშე დადგომა არ უნდათ, აღმოჩნდება, რომ უბრალოდ იტყუებიან. ამიტომ, მიდიან ამ დესტრუქციაზე". – ამბობს მდინარაძე. 

საოლქო კომისიებთან, სადაც საჩივრებს განიხილავენ, ოპოზიციის წევრები და აქტივისტები აქციას მართავენ. აქცია იმართება საბურთალოზე, გლდანში, ისანში, სამგორში და წყალტუბოსა და ბათუმში. ოპოზიციის წევრები ითხოვენ, რომ საჩივრების განხილვას დაესწრონ, რის საშუალებასაც მათ სამართალდამცავები არ აძლევენ.

საბურთალოს საოლქო კომისიასთან სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირებისას ერთიანი საქართველოს სამი წევრი დააკავეს.

საპროტესტო ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პირველადი შედეგები გამოაქვეყნა. ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით ხმების 100%-ვე დათვლილია და მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება:

  • ქართული ოცნება – 48.15%
  • ენმ-ძალა ერთობაშია – 27.14
  • ევროპული საქართველო – 3.78%
  • ლელო – 3.15%
  • სტრატეგია აღმაშენებელი – 3.15%
  • პატრიოტთა ალიანსი – 3.14%
  • გირჩი – 2.86%
  • მოქალაქეები – 1.33%
  • ლეიბორისტული პარტია – 1%

ყველა ოპოზიციურმა პარტიამ არჩევნების შედეგებს ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის. მანდატებზე უარი თქვა ევროპულმა საქართველომ, ლელომ, ლეიბორისტულმა პარტიამ, გირჩმა, ენმ-ძალა ერთობაშიამ, სტრატეგია აღმაშენებელმა, მოქალაქეებმა და პროპუტინურმა პატრიოტთა ალიანსმა

საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები არჩევნების პროცესში მოსყიდვაზე, დაშინებასა და ძალადობრივ ინციდენტებზე საუბრობენ, თუმცა, მიუხედავად ამისა, მიიჩნევენ, რომ არჩევნების შედეგები ლეგიტიმურია, არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო და მეტნაკლებად დაცული იყო ძირითადი თავისუფლებები.

ადგილობრივი დამკვირვებლები კი არაერთ ხარვეზსა და დარღვევაზე მიუთითებენ. გამოქვეყნდა ISFED-ის (სამართლიანი არჩევნები) ხმების პარალელური დათვლის შედეგებიც, რომლის მიხედვითაც, ქართულმა ოცნებამ ხმების 45.8% მიიღო, ენმ-ძალა ერთობაშიამ – 26.4%, ევროპულმა საქართველომ – 3.7%. ცდომილების ხარისხი 0.7%-ია.

ამასთან, სამართლიანი არჩევნების შემაჯამებელი ანგარიშის მიხედვით დაფიქსირდა საარჩევნო უბნების 8%-ზე შემაჯამებელი ოქმების დისბალანსის შემთხვევები, რაც გულისხმობს ბიულეტენების ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობაზე მეტობას.

"მიუხედავად იმისა, რომ ამ ტენდენციას, შესაძლოა, გარკვეული გავლენა მოეხდინა საარჩევნო სუბიექტების მიერ ნაჩვენებ შედეგებზე, PVT ანალიზი აჩვენებს, რომ შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა 4.1%-ზე ნაკლები" – წერს ორგანიზაცია.

არჩევნების შედეგებს განახლებად რეჟიმში თვალი ადევნეთ აქ.

ყველა სიახლე იხილეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები