მიხეილ სააკაშვილის დაკავება

პენიტენციური: მინა შეიცვალა საშხაპე ოთახში, რომელიც სააკაშვილმა თავად დააზიანა

სპეციალური პენიტენციური სამსახური ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრისა და მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის სიტყვებს, რომ მის სართულზე ფანჯრები დაბურეს და ჩაკეტეს, სიცრუეს უწოდებს. უწყება აცხადებს, რომ მინა მხოლოდ საშხაპე ოთახში შეიცვალა, რომელიც თავად მიხეილ სააკაშვილმა დააზიანა გადაძახილით მიმართვის დროს. პენიტენციურის ცნობით, ახალ მინას გაუკეთდა დამცავი, გამჭვირვალე ფირი, რომელიც ამცირებს მინის დაზიანების რისკს, ასევე შეუფერხებლად ატარებს მზის სხივს.

პენიტენციური სამსახური ასევე აღნიშნავს, რომ ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან შეხვედრაზე მისული პირისთვის რაიმე სახის კორესპონდენციის გადაცემა და გამოტანა სპეციალური პენიტენციური სამსახურის არცერთ დაწესებულებაში არ ხდება და ეს აქამდეც აკრძალული იყო.

"ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელზე შემოსული წერილის მისთვის ჩაბარებას, აგრეთვე ბრალდებულის/მსჯავრდებულის წერილის ადრესატისთვის გაგზავნას უზრუნველყოფს პენიტენციური დაწესებულება. პირადი ხასიათის კორესპონდენცია კი ადრესატს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ხარჯით ეგზავნება.

ასევე აღვნიშნავთ, რომ ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან შეხვედრაზე მისული პირისთვის რაიმე სახის კორესპონდენციის გადაცემა და მისი მეშვეობით დაწესებულებიდან გამოტანა სპეციალური პენიტენციური სამსახურის არც ერთ პენიტენციურ დაწესებულებაში არ ხდება და სიცრუეა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს, ეს არის ახალი დაწესებული შეზღუდვა და ვრცელდება რომელიმე ერთ კონკრეტულ ბრალდებულ/მსჯავრდებულზე​​". – ნათქვამია განცხადებაში.

ენმ-ს წევრის, კობა ნაყოფიას თქმით, ციხეში მიხეილ სააკაშვილის სართულზე ფანჯრები დაბურეს, შეღებეს და ჩაკეტეს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი 21 ოქტომბერს, მის მხარდამჭერებს ციხის ფანჯრიდან მიესალმა. პენიტენციურმა სამსახურმა კი განმარტა, რომ სააკაშვილმა საპატიმროსთან შეკრებილებს საშხაპე ოთახის ფანჯრიდან მიმართა, რაც უკანონო ქმედებაა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, უკვე 26-ე დღეა რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.  

კომენტარები