მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ნაყოფია: სააკაშვილის სართულზე ფანჯრები დაბურეს, შეღებეს და ჩაკეტეს

"ყველასთვის ცნობილია, რომ მიხეილ სააკაშვილს აკრძალული აქვს ზარების განხორციელების უფლება და მისი ხმის ეშინიათ. ახლა, ყველა ფანჯარა დაბურეს, შეღებეს და ჩაკეტეს ისე, რომ გარედანაც ვერცერთმა მისმა მომხრემ ვერ ნახოს, ერთ დღეში ჩაატარეს რემონტი". - ამის შესახებ ჟურნალისტებთან სენაკის მერობის კანდიდატმა ენმ-დან, კობა ნაყოფიამ ისაუბრა.

"მასთან მიმსვლელ პირებს წერილსაც კი არ ატანენ. შესვლისას, გაგვაფრთხილეს, რომ სააკაშვილის წერილის გამოტანა არ შეიძლება და შესაძლებელია მხოლოდ ფოსტით გაგზავნა. ერთადერთი შესაძლებლობა, რომ მივიღოთ მისგან წერილები იქნება ფოსტა, ან ადვოკატი. პარლამენტის წევრი, ექიმი ან ოჯახის წევრი, რომელიც მასთან შევა წერილს ვერ წამოიღებს. გასაგებია, რომ მისი ხმის ეშინიათ და პროცესები გადადეს, რომ ხალხმა ვერ დაინახოს. თვითონ ხუმრობს ხოლმე თავის კალიგრაფიაზე და უკვე მისი კალიგრაფიით დაწერილი წერილისაც ეშინია ხელისუფლებას. წარმოიდგინეთ რა პანიკაში იქნებიან სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა რომ დაუშვან". - ამბობს ნაყოფია.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი 21 ოქტომბერს, მის მხარდამჭერებს ციხის ფანჯრიდან მიესალმა. პენიტენციურმა სამსახურმა კი განმარტა, რომ სააკაშვილმა საპატიმროსთან შეკრებილებს საშხაპე ოთახის ფანჯრიდან მიმართა, რაც უკანონო ქმედებაა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.

კომენტარები