მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ტიკარაძე: რეგულირების სააგენტო შეამოწმებს, რამდენად აკმაყოფილებს ციხის კლინიკა მოთხოვნებს

საქართველოს მთავრობა / Facebook

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, რეგულირების სააგენტო შეამოწმებს, თუ რამდენად აკმაყოფილებს გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულება პაციენტების მოთხოვნებს. მისივე თქმით, საქართველოს ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, არცერთი სასიცოცხლო რისკი არ შეექმნება.

"რეკომენდირებული იყო დოპლერის გაკეთება პაციენტისთვის, რაც გუშინ შესრულდა და პაციენტს არ აღენიშნება არანაირი გართულება. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია კლინიკური დასაბუთება რომ პაციენტს ეს ნამდვილად ესაჭიროება და მე გარწმუნებთ, რომ მას არ შეექმნება არც ერთი სასიცოცხლო რისკი".- ამბობს ჯანდაცვის მინისტრი. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.  

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის პენიტენციური სისტემის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა და განაცხადა, რომ დაწესებულებაში არსებული ვითარება, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით. მეორე მხრივ, იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძის თქმით, ექიმები ამბობენ, რომ ციხის საავადმყოფო სრულად გამართულია მიხეილ სააკაშვილის მისაღებად.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას თქმით, ციხის საავადმყოფო მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების მინიმალურ გარანტიასაც არ უზურნველყოფს და მისი ინფორმაციით, იქნება ე.წ იმიტირებული ბუნტი, რომელიც დასრულდება სააკაშვილის ლიკვიდაციით.

კომენტარები