მიხეილ სააკაშვილის დაკავება

2020 წელს სამოქალაქო სექტორის კლინიკაში 585 პატიმარი გადაიყვანეს

2020 წელს პენიტენციური დაწესებულებიდან სამოქალაქო სექტორის კლინიკაში 585 პატიმარი გადაიყვანეს. ამის შესახებ უწყების გასული წლის ანგარიშში ვკითხულობთ, სადაც ასევე წერია, 2018 წლის ივლისის მდგომარეობით, რეფერალის რიგში ლოდინის საშუალო ვადა ერთ წელიწადს შეადგენდა, 2020 წელს კი განულდა.

"2018 წლის ივლისის მდგომარეობით, ლოდინის საშუალო ვადა ერთ წელიწადს შეადგენდა. 2019 წლის ბოლოსთვის, გეგმიური სტაციონარული მომსახურება სამოქალაქო სექტორის კლინიკაში ესაჭიროებოდა 585 პატიმარს, რომელთაგან 500 პატიმრის შემთხვევაში, რიგში ყოფნის 4-თვიანი ვადა დარღვეული იყო, ხოლო ათეულობით მათგანი რიგში 2016-2017 წლებიდან იმყოფებოდა. 2020 წლის აგვისტოს მდგომარეობით, ყველა პატიმარმა მიიღო სტაციონარული სამედიცინო მომსახურება და ე.წ. რეფერალის რიგი განულდა". - ვკითხულობთ ანგარიშში.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის თქმით საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საჭიროების შემთხვევაში არა სამოქალაქო კლინიკაში, არამედ №18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანენ.

გუშინ, 24 ოქტომბერს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა. სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, N18 დაწესებულებაში არსებული ვითარება, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით.

ასევე, ლომჯარიას თქმით, დაწესებულებაში ამჟამად არ მუშაობს ექიმ-რეანიმატოლოგი, თუმცა ადმინისტრაციის განმარტებით, უახლოეს პერიოდში ელოდებიან შესაბამის სპეციალისტებს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, უკვე 25-ე დღეა რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.

კომენტარები